ვასილ მაღლაფერიძე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობის ანატომია

პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე წერილს აქვეყნებს.
“ხვალ არჩევნებია. მიუხედავად იმისა, რომ თავად არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის, ამ საარჩევენო კამპანიის დროს ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელი ისმოდა. ვინაიდან აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესში, ლამის სოფელ-სოფელ დადის, ხვდება რეგიონულ მედიას და მოსახლეობას, კვირაში ორჯერ ტელევიზიით გამოდის და ამომრჩევლებს უხსნის, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი მაინცდამაინც “ქართულ ოცნებას” და, პირიქით, რატომ არ უნდა მისცენ ხმა “ნაცებს” და “ლეიბორისტებს”.
საპასუხოდ მისი მისამართითაც უამრავი კრიტიკა ისმის და ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რა უნდა ამ ადამიანს? რატომ ერევა ამ არეულ-დარეულ პოლიტიკურ პროცესში? იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს და ოჯახს მიხედოს და ტკბილად შეირგოს, რაც ღმერთის და ნიჭის წყალობით შეუძენია, რას ალანძღვინებს თავს ვიღაცებს?!. ან ჩვენგან რა უნდა, რას გვიხსნის და გვიმტკიცებს?
ან რატომ უნდა გაითვალისწინოს ვინმემ მისი რჩევა, როდესაც თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ ბიძინაზე უფრო ჭკვიანურად და საქმიანად განვკარგავდით მის ქონებას; მართლაც, რამდენი საინტერესო საქმის გაკეთება შეიძლებოდა მისი ფულით, მაშინ, როდესაც, თავად ბიძინა, კაცმა არ იცის, რაში ხარჯავს, რაც, რასაკვირველია, მოქალაქეების “სამართლიან” უკმაყოფილებას იწვევს.
რატომ უნდა მოვუსმინოთ იმ ადამიანს, რომელიც ისეთ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც, ვინ იცის, შეიძლება ხიფათს შეიცავდეს საზოგადოებისთვის?
ასეულობით მილიონი დახარჯა ხუთასორმოცდაათზე მეტი ისტორიული ძეგლის აღდგენაზე, ოპერის გარემონტებაზე, თეატრების გარემონტებაზე, საკონცერტო დარბაზების მშენებლობაზე, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ იგი ამით თავის მთავარ მიზანს ნიღბავდეს და სინამდვილეში ქართული ისტორიის და კულტურის განადგურება სურდეს?! შეიძლება, რატომაც არა?!
ბოტანიკურ ბაღებს, ნაკრძალებს და გარემოს მოვლას რომ მილიონებს ახარჯავს, ხომ შეიძლება ეს იმას ნიშნავდეს, რომ ბუნების მტერია?! შეიძლება, რატომაც არა?!
ხომ შეიძლება იმიტომ აშენებდეს რაგბის სტადიონებს მთელ საქართველოში, რომ ქართული სპორტის მომავლის მოსპობა სურს?! შეიძლება, რატომაც არა?!
ხომ შეიძლება, სინამდვილეში ადამიანები სძულს და ეს რომ არ შეეტყოს, ამის გამო ხარჯავს ასეულობით მილიონს საავადმყოფოების მშენებლობაში და რემონტებში და სწორედ ამ სიძულვილის გამოა, რომ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება? შეიძლება, რატომაც არა?!
არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას ლამობს და სწორედ ამის გამო ახარჯავს ასეულობით მილიონს სკოლებისა და უნივერსიტეტების მშენებლობას და აღჭურვას. ბოლო პროექტი კი, რომელიც ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს და თითქმის მილიარდი ჯდება, არ არის გამორიცხული კატასტროფით დაემუქროს ქუთაისსაც და საქართველოს განათლების სისტემასაც. შეიძლება, რატომაც არა?!
თუ მედიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკოსები, ექსპერტები და ჟურნალისტები, ძირითადად, ასეთ და ამაზე უფრო მძიმე კითხვებსაც სვამენ და გამოთქვამენ ეჭვებს, რომ ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება, რაიმე დიდ საფრთხეს გვიმზადებს, თორემ თუ ასე არ არის, მაშინ გამოდის, რომ ამ ადამიანს თავისი ქვეყანა ჰყვარებია და მადლობა უნდა ვუთხრათ, რაც ეწინააღდეგება ჩვენს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც არც ერთი კეთილი საქმე დაუსჯელი არ უნდა დაგვრჩეს.
თანაც ამ მასშტაბის ქველმოქმედებას საქართველოს ისტორიაში პირველად ვხედავთ და რატომ უნდა გვეგონოს, რომ ყველაფერი ეს კეთილი ზრახვებით და ჩვენ სასიკეთოდ ხორციელდება, როცა ბევრი სხვა ახსნაც შეიძლება მოიძებნოს. შეიძლება, რატომაც არა?!
ხომ შეიძლება, ამას იმიტომ აკეთებდეს, რომ სადღაც ბევრი ფული იშოვა და არ იცის, სად წაიღოს ან, რაც უარესია, ამით სურს, ჩვენი კეთილგანწყობა მოიპოვოს და შემდეგ ისეთი რამ გვირჩიოს და გაგვაკეთებინოს, რაც სწორ გზას აგვაცდენს? შეიძლება, რატომაც არა?!

ან როგორ შეიძლება, რამე დავუჯეროთ იმ ადამიანს, რომელმაც საშინელება ჩაიდინა და ერთი ადგილიდან მეორე ადგილას ხე გადარგო, რაც მანამდე საქართველოში არავის უქნია?!
ერთი შეხედვით, თითქოს, ტრაგიკული არც არაფერი მომხდარა, ადამიანმა ხე იყიდა და გადარგო. იმასაც ამბობენ, რომ გადარგული ხეც კარგად გრძნობს თავს და არც კოდალას უჩივისო, მაგრამ, ალბათ, მაინც რაღაც დიდ ბოროტ ზრახვასთან გვაქვს საქმე, თორემ ასე უბრალოდ ხის გადარგვა ვის გაუგია? ამდენი ტყულად ხომ არ ვილაპარაკეთ და ვინერვიულეთ იმ ხის გამო, რამდენჯერ გამოვთქვით ტრადიციული სინანული, რომ ივანიშვილი არ იშლის თავისი ფულის უაზროდ ხარჯვას და არც ვინმე ჰყავს, რომ დაუშალოს, ანუ როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე: “მოეცა ეს ფული ჩემთვის და ნახავდით, რასაც ვიზამდი…”
როგორც ვხედავთ, ბევრ კითხვას ბადებს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა, მაგრამ მთავარი კითხვა მის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ჩნდება, მით უმეტეს, რომ ივანიშვილი დადის რეგიონებში და არწმუნებს მოსახლეობას, რომ “ოცნებას” დაუჭირონ მხარი.
აქვს კი საერთოდ ბიძინა ივანიშვილს აზრის გამოთქმის უფლება?! იგივე პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად სვამენ ამ კითხვას და მათი უმრავლესობა თანხმდება, რომ მას აზრის გამოთქმის უფლება არა აქვს, მით უმეტეს, ვინმესთვის რჩევის მიცემის.
ქვეყანაში სწორედ იმიტომაც არიან პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომ მათ უნდა გამოთქვან აზრები და მოსახლეობას მისცენ რჩევები. ბიძინა ივანიშვილი კი არც ერთია და არც – მეორე, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ თავს შეიკავებს და ოქროს თევზივით პირში წყალჩაგუბებული განაგრძობს სურვილების შესრულებას.
არადა, ბევრი ამომრჩევლის პოზიციას და წლევანდელი არჩევნების შედეგსაც, ისევე როგორც 2012-ში, დიდწილად სწორედ ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს. ქვეყანაში დღესაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ წყალგამყოფს, ვინაიდან მოსახლოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი იყო და დღესაც მიუღებელია სააკაშვილის რეჟიმი, ხოლო გარკვეული ნაწილს კი მოსწონდა და დღესაც მოსწონს.
განვლილ ოთხი წელი და, თუნდაც, ბოლოს განვითარებული მოვლენები, მიგვანიშნებს, რომ 2016 წლის არჩევნები 2012 წლის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ჯერ არ დასრულებულა ის ბრძოლა, რომელიც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო.
ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა” რევანშის აღებას ცდილობს და ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიულ შანსს ინარჩუნებს, იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა ეს სხვა პარტიებს და მათ ამომრჩევლებს, მესამე ცენტრის და ხელისუფლების ახალი ალტერნატივის შექმნა რთული იქნება და სწორედ “ქოცების” და “ნაცების” დაპირისპირება დარჩება ქართული პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალურ მოვლენად.
ამ ბრძოლაში კი ივანიშვილის ფაქტორის მნიშვნელობა ყველაზე კარგად (შეიძლება, მის მომხრეებზე ბევრად უკეთაც კი), სწორედ “ნაცებმა” გააცნობიერეს და ამიტომაც, მათ უმთავრეს სამიზნეს, სწორედ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, ვინაიდან, მათი აზრით, თუ მის დასუსტებას და გზიდან ჩამოშორებას შეძლებენ, დანარჩენი პარტიების დაჯაბნას იოლად მოახერხებენ, რაც შეიძლება სიმართლისგან არც ისე შორს არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები