გიგლა აგულაშვილი გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლით სამუშაოებს დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლით სამუშაოებს დაესწრო.
ენტომოლოგებმა, მინისტრს, დაზიანებული ბზის დამუშავების პროცესი ადგილზე გააცნეს. ბზა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, შერჩეული ბიოლოგიური პრეპარატით – ლეპიდინით შეიწამლა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პრეპარატი kurstaki-ის (BTK) ბაზაზეა დამზადებული, რომელიც არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) თანამშრომლობით, 2015 წელს, „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმა“ მოამზადა. გეგმა სხვადასხვა უწყებების: აჭარის სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის გარემოს ა/რ სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა დაწესებულებების მიერ მიმდინარე და მომავალ წლებში მავნებელთან ბრძოლის მხრივ, ასევე ბზის აღდგენა -კონსერვაციის მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებებს მოიცავს.
კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. ბზის ხმობა, ქვეყნის ტერიტორიაზე, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გამოვლინდა, რომლის მიზეზი მავნე მწერი „ბზის ალურაა“. გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერომონიანი მწერსაჭერები გამოსცადეს, ასევე ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული ახალი ბიოლოგიური პრეპარატის დაავადების -„ბზის სიდამწვრის“ წინააღმდეგ გამოცდა მოხდა. 2016 წლის გაზაფხულიდან, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 400 ჰა ფართობის ორჯერადი შეწამვლა განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. შეწამვლითი ღონისძიება კომპანია „გარდ სერვისმა“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები