თბილისში ახალი ავტობუსები მოძრაობენ

„Man Truck and Bus AG“-ის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები დღეიდან N 61 ხაზზე გავიდნენ.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ახალი ავტობუსების მარშრუტი ბაგებიდან იწყება, გაივლის ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩამდე ჩადის.
ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც. ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვისაც არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსით და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატკონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მეორე ეტაპზე ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება. აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი, N 61 ავტობუსების მსგავსად, სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი, ეტაპობრივად,  143 ერთეული ავტობუსით განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები