ნენსკრაჰესის ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის მშენებლობა იწყება ​

ნენსკრაჰესის ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის მშენებლობა იწყება. როგორც „კვირას“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, მშენებლობა, ჯამში, 110 ადამიანზეა გათვლილი.
მათივე ინფორმაციით, ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი 5 შენობას მოიცავს, მათ შორის, ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს, ასევე, სასაწყობე/საოფისე შენობებს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა კი შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
საოპერაციო სოფელში ნენსკრაჰესის მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა ჰესის საკუთრებაში დარჩება.
ამ დროისთვის, საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად, გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს დამატებით გეოლოგიური კვლევები. ამჟამად ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე, საერთო ჯამში, დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის, 80% ადგილობრივი მოსახლეა. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და გარემოს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, ამ მხრივ, ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. გაურკვევლობა, რომელიც მოსახლეობაში არსებობდა ამ პროექტის მიმართ, თითქმის ამოწურულია. ადგილზე მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოსახლეობას მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე პასუხის მიღება შეუძლია. შესაბამისი კონტროლი ხორციელდება სამშენებლო სამუშაოებისა და გარემოს დაცვის უსაფრთხოების კუთხით. დღესდღეობით ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სამუშაოებზე, ეს რაოდენობა ჰესის ძირითადი სამუშაოების დაწყების შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დაცულია სამუშაოებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებაც, უზრუნველყოფილია მათი სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები