გიორგი მარგველაშვილი: ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში – საუნივერსიტეტო კლინიკაში, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები-ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს კლინიკის დირექტორმა ბაადურ მოსიძემ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ბოდიში მოვუხადე დაზარალებულებს, რომ ვერ შევძელით მათი ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვა; მადლობა გადავუხადე პერსონალს, რომ ასე ყურადღებით მკურნალობენ დაშავებულებს. კიდევ ერთხელ, მინდა მივმართო სამართალდამცავებს: ახლა არის ვითარება, როდესაც საზოგადოებამ, სტაბილურობამ, მომავლის ხედვამ უნდა გაიმარჯვოს იმ კრიმინალზე, რომელიც ნათლად ავლენს თავს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დაძაბულ ვითარებაში, განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისაგან, ვინც მოქალაქეებს, ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც, ადამიანები, რომელთაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან, დღეს საავადმყოფოში არიან მძიმე ჭრილობებით. მათი დაცვა ჩვენი ვალია, როგორც სახელმწიფოსი. მოგიწოდებთ გაორმაგებულად იმუშაოთ. კიდევ ერთხელ თქვენ გვერდით ვდგავარ, თუ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერა გჭირდებათ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაზარალებულების მონახულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე შს სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები