უფროსი მასწავლებლის დანამატი 2017 წლის იანვრიდან 140 ლარით იზრდება

განათლების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, ლაშა საღინაძის თქმით, 2017 წლის 1 იანვრიდან საბაზო ხელფასი არ გაიზრდება. ზრდა მხოლოდ სტატუსით განსაზღვრულ დანამატებს შეეხება.
კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან უფროსი მასწავლებლის დანამატი 140 ლარით გაიზრდება და 180 ნაცვლად 320 ლარი იქნება – ხელზე აიღებენ 256 ლარს.
წამყვანი მასწავლებლის დანამატი 230 ლარით გაიზრდება (ახლა 270 ლარია ) 2015 წლის იანვრიდან. ჯამში წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500 ლარი გამოდის, ხელზე აიღებენ – 400 ლარს.
მენტორის დანამატი 300 ლარით გაიზრდება.
„იანვარში მატებისთვის 26 მილიონია საჭირო. ჯამში, ჩვენ მოვითხოვთ 576 მილიონს 2017 წლის ბიუჯეტში. მიმდინარე პროექტით, 555 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა ბიუჯეტის მეორე ვარიანტში ჩასწორებას მოვითხოვთ და 576 მილიონ ლარამდე გაიზრდება,“ – ამბობს ლაშა საღინაძე
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 2016 წლის აპრილის მდგომარეობით, პრაქტიკოსი პედაგოგების საშუალო ხელფასი 600 ლარია და 2017 წლის იანვრის შემდეგ მათი საშუალო ხელფასი ისევ 600 ლარი დარჩება.
აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის მიმღებ პედაგოგებში ის ადამიანები იგულისხმებიან, რომლებიც მუშაობენ სრული დატვირთვით. მაგალითად, პრაქტიკოსი 43 000 პედაგოგიდან სრული დატვირთვით 15 000 მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ 600 ლარში შედის გადასახადიც, ანუ ხელზე სრული დატვირთვით მომუშავე 15 000-მდე ადამიანი 480 ლარს იღებს.
რაც შეეხება უფროს მასწავლებლებს, დღევანდელი მდგომარეობით, საშუალო ხელფასი + სტატუსისთვის განკუთვნილი დანამატის ჩათვლით 800 ლარია. სისტემაში სულ 15 400 უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირია, ამათგან სრული დატვირთვით 8000 კაცი მუშაობს. შესაბამისად, მხოლოდ 8000-ია ისეთი, რომელიც გადასახადების ჩათვლით 800 ლარამდე იღებს ხელფასს.
რაც შეეხება წამყვან პედაგოგს, მისი საშუალო ხელფასი, ანუ სრული დატვირთვით მომუშავე წამყვანი პედაგოგის ყოველთვიური სარგო, დღევანდელი მდგომარეობით, დანამატის ჩათვლით 965 ლარია. სრული დატვირთვით 135 პედაგოგიდან, მხოლოდ 70 მასწავლებელი მუშაობს.
მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგი ჯერ სისტემაში არ არის.
წყარო: “liberali“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები