“განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართა

​სასტუმრო “რედისონში”, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ -ში 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებმაც, ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტორო) ხარისხი მოიპოვეს.
ფორუმი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ გახსნეს. ფორუმის გამართვის მიზანი მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმების ხელშეწყობაა.
ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, პოტენციურ დამსაქმებლები პირადად გაეცნოთ და მათთვის თავისი გამოცდილება და შესაძლებლობები წარედგინათ. აპლიკანტებით ფორუმზე 24 კერძო დამსაქმებელი, სულ 40-მდე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაცია დაინტერესდა. ისინი გაესაუბრნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც განათლების საერთაშორისო ცენტრის დახმარებით, უცხოეთში მიიღეს განათლება. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა ორგანიზაციაში სტაჟირება გაიარონ ან მუშაობა დაიწყონ.
კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ, პირადად გაცნობოდნენ სამინისტროების, სსიპ-ების, ქართულ ბაზარზე მოქმედი წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, დაესვათ მათთვის კითხვები, მიეწოდებინათ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ, მოეძიათ და გამოეყენებინათ პროფესიული განვითარების მეტი შესაძლებლობა. ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება, გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები მათთვის საინტერესო სფეროში, მიიღონ დასაქმების, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტების კონსულტაცია და რჩევა საკუთარი პროფესიული კარიერის უკეთ დასაგეგმად.
ფორუმის ფარგლებში, განათლების საერთაშორისო ცენტრის „კურსდამთავრებულთა თანამშრომლობის პროგრამის სტრატეგიის“ განხილვაც გაიმართა. ფორუმზე მოწვეული იყვნენ როგორც ახალდაბრუნებული, ასევე უკვე დასაქმებული კურსდამთავრებულები. ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რკინიგზა, საპარტნიორო ფონდი, თანაინვესტირების ფონდი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, საქართველოს ელექტროსისტემა, ასევე კერძო კომპანიები: “ვისოლ-ჯგუფი”, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”, “ხუალინგი”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” და სხვა ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს, სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოსა” და სსიპ “განათლების საერთაშორისო ცენტრს” შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში დღეს პირველი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები