ბათუმში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ბათუმში, ხიმშიშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე სპორტის სასახლის საძირკველში 15:00 საათზე სიმბოლური კაფსულა ჩაიდება.
კაფსულას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ჩაუშვებს.
როგორც “კვირას“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბათუმში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული სპორტის, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას რეგიონში. სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა – 600 სტუმარზეა გათვლილი.
დღესვე, მშენებლობის ადგილზე, მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის  ხელშეკრულება გაფორმდება.
პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება, მეორე ეტაპის ჩათვლით, 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი” გაუძღვება.
სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები