შსს: საქართველოში 2016 წლის სექტემბერში ვიზიტორთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 11 პროცენტით გაიზარდა

​შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2016 წლის სექტემბერში 11 პროცენტით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.
შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში საქართველოს საზღვარი 631 302 ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 879 031 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 2 156 731 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19,5% ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 304 814 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,2%);
ბ) ტრანზიტი – 148 718 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);
გ) სხვა – 177 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%).
2016 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+4,2%), აზერბაიჯანიდან (+7,6%), თურქეთიდან (-21,5%), რუსეთიდან (+31,3%), უკრაინიდან (+28,1%) და ირანიდან (+571,9%) განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 9%, 9% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (29%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (56%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 15%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები