პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება

3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა 150-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
როგორც „კვირას“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, რეგისტრაციის დეტალებზე საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, პროგრამებს შორის 50-მდე ახალი მოდულური პროგრამაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დამსაქმებლების ჩართულობით შემუშავდა.
წელს პირველად, მეცხოველეობის, მეხილეობისა და მეღვინეობის მიმართულებებით, პროფესიული პროგრამების განხორციელება სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების ფორმით დაიწყება. დამსაქმებლები პირველად ჩაერთვებიან მომავალი სტუდენტების შერჩევისა და სწავლების პროცესში. დუალურ პროგრამებს პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად, ახალციხის, კაჭრეთის, სენაკისა და წინამძღვრიანთკარის კოლეჯები განახორციელებენ.
სტუდენტების მისაღებად წელს უკვე მზად არის ასევე სამი ახალი სასწავლებელი გუდაურში, მცხეთასა და აგარის მუნიციპალიტეტებში. პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს მიერ ან მონაწილეობით დაფუძნებულ სასწავლებლებში. სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მოწყვლად ჯგუფებზეც. გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი დევნილი პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა, ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურების ფორმით. განახლებულია ტექნიკურ-მატერიალური ბაზები და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროების შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის – მათ შეუძლიათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე გაიარონ პროფესიული ტესტირება, შემდეგ კი, სახელმწიფო დაფინანსებით, დაეუფლონ ქართულ ენას და გააგრძელონ პროფესიული განათლების მიღება ქართულ ენაზე.
მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რესურსცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში, მხოლოდ პირადობის მოწმობით.
აპლიკანტი არჩევანს აკეთებს შეუზღუდავად, პრიორიტეტების მიხედვით. რეგისტრაცია შეუძლია ყველა მსურველს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირსაც, რომლისთვისაც ალტერნატიული ჩარიცხვის პროცედურები მოქმედებს.
სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
შეფასების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 29 ოქტომბერს რეგისტრანტებისთვის პრე-ტესტი, ხოლო 30 ოქტომბერს ერთიანი პროფესიული ტესტირება ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები