“ამ დაპირისპირებით, ამ სიძულვილით სავსე ეპოქაში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნდა გავერთიანდეთ“

მე ნამდვილად არ მივტირი წარსულს,მაგრამ მენატრება ის საქართველო, სადაც ადამიანებს ჰქონდათ ერთმანეთის სიყვარული, სადაც ადამიანები გვერდში ედგნენ ერთმანეთს, ჰაერში იგრძნობოდა ეს სურნელი, სიყვარულის და ერის ერთიანობის და დამერწმუნეთ, ეს შესაძლებელია დღესაც, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მოსახლეობას, რომელსაც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე და ლევან გოგიჩაიშვილი წარუდგინა.
პრემიერმა ერთად დგომის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ამ დაპირისპირებით, ამ სიძულვილით სავსე ეპოქაში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ამის ძალა და უნარი შეგვწევს და, მხოლოდ და მხოლოდ ამით შევძლებთ ჩვენ, რომ ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ და ის დიდება დავიბრუნოთ, რომელსაც ყოველთვის ჩაგვძახოდნენ ბავშვობაში – ოდესღაც თურმე დიდი ყოფილა საქართველო და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რამდენიმე დღე დარჩა იმ უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე, როცა კიდევ ერთხელ უნდა გაეცეს პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვას – არის თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი ცალკეული ადამიანი და მისი ღირსება, არის თუ არა ეს უზენაესი ფასეულობა.
„კიდევ ერთხელ გავცეთ ამ შეკითხვას პასუხი, როგორც ეს გავაკეთეთ 2012 წელს. დიდი მადლობა ამ დიდი გმირობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაგარი ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არც ერთ დღეში შენდება და არც ოთხ წელიწადში აშენდება; არც 2012-ში დაწყებულა შენება, არც 2004-ში და არც მანამდე. სახელმწიფოს შენება არის ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ ერთი რამ შეგიძლია ვთქვათ – 2012 წლის შემოდგომაზე, როდესაც მანამდე ძალიან ხანგრძლივი, პრინციპული, გმირული შრომის შედეგად, დაიღალა ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის გმირულმა გადაწყვეტილებამ შეცვალა ამინდი ქვეყანაში და მოიტანა ყველაზე მთავარი – აღადგინა თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც გადავდგით გასული ოთხი წლის განმავლობაში, იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის, ცალკე ერთი ადამიანის სიყვარულიდან გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი ფასეულობა და ასე ვაპირებთ ვიაროთ მომავალშიც”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა და მას საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, აღმშენებლობისა და ეკონომიკური აღორძინების გეგმა უწოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან რეალისტური , ნაბიჯ -ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომელიც 4 წლის თავზე, თვისობრივად, ხარისხობრივად, ვიზუალურად სხვა საქართველოს მოიტანს.
“ამისთვის გვინდა ყველა თქვენგანის კიდევ ერთხელ გამოხატული ნება, იმისთვის, რომ საქართველომ იაროს სწორი მიმართულებით და მჯერა, რომ ეს ნება იქნება გამოხატული”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვიმა.
პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა გასული წლების განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ დღეს მოგვარებულია ჯანდაცვის პრობლემა; სახელმწიფო ყველაზე მეტ რესურსს ხარჯავს სოფლის მეურნეობაში, რაც მოქალაქეების დასაქმების ყველაზე მოკლევადიანი გზაა.
მისი თქმით, მთავრობას საინტერესო გეგმები აქვს ადგილობრივი წარმოების და ადგილობრივი ინდუსტრიალიზაციის მიმართულებითაც. პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოში ნომერ პირველ პრიორიტეტად ცხადდება.
“ჩვენ ზუსტად ვიცით, ის ნაბიჯები რომელსაც გადავდგამთ, რომელიც უკვე გადავდგით , ვერ მოიტანს შედეგს 4 წლის პერსპექტივაში, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ერის მომავალი აღზევების და განვითარებისთვის ჩაყრილი საფუძველი. ეს აუცილებლად ახლა, დღეს უნდა გავაკეთოთ. მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა აქ. იმ უბანში, სადაც მეც გავიზარდე, პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ მესამოცეში და კომაროვში, სულ აქ გაიარა ჩემმა ბავშვობამ და მიხარია რომ ამდენ ადამიანს ვხედავ. მიხარია, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ახალი ენერგია, ახალი ძალა, რომელიც გვაქვს, მაგრამ გვჭირდება თქვენგან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ერთი რამ და უმთავრესი – ჩვენი საზოგადოება უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავაერთიანოთ სიყვარულით, ყველაფერ იმით, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა”, – განაცხადა პრემიერმა და მოსახლეობას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
პრემიერის შეფასებით, არ არსებობს პოლიტიკური გუნდი.
“თქვენ ყველანი, ჩვენ ყველანი ერთი გუნდის, ერთი საზოგადოების, ერთი ოჯახის, ერთი ფასეულობების ერთგული ადამიანები ვართ და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი კიდევ გაიზრდება. კიდევ მეტი ადამიანი გადმოვა ამ ფასეულობებზე და ჩვენ ყველანი ერთად, ამ სამ ძალიან თავგამოდებულ, თავდადებულ, გულისხმიერ, ძალიან აქტიურ ახალგაზრდასთან ერთად, ავაშენებთ კიდევ უფრო ძლიერ, გაჩირაღდნებულ და აგუგუნებულ საქართველოს. მე მართლა ამაყი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან ერთად მომიწევს ბრძოლა, შრომა, იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად გაამართლებენ ყველა თქვენგანის ნდობას”, – მიმართა პრემიერმა საბურთალოს მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები