დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარ წევრთან თარაშ შურღაიასთან და მერის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.
საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობით, მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურებისა და დიდუბის რაიონის გამგეობის დახმარებით, სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მთლიანად გამოიცვალა ქვაფენილი და ბორდიურები, შეიცვალა გარე განათების ბოძები, სკამები და ურნები. დამონტაჟდა ლამპიონები, ასევე მოხდა მრავალწლიანი ხეების სხვლა-ფორმირება, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები, დაიგო მწვანე საფარი და მოეწყო სარწყავი სისტემა.
პროექტის ფარგლებში კაუჩუკით მოპირკეთდა საბავშვო სპორტული მოედანი, რომელიც საქანელებითა და გასართობი ინვენტარით აღიჭურვა. ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ შადრევანს.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ აღნიშნა, დიღმის მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება და ანალოგიური პროექტები მომავალშიც განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები