შსს-ს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ს მთავრობამ 2 ხომალდი გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად გადასცა.
როგორც “კვირას” სასაზღვრო პოლიციიდან აცნობეს, საპატრულო ხომალდების გადაცემის ცერემონია ბალტიმორში, აშშ-ს სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მხრიდან შს მინისტრის მოადგილე-სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
Island-ის კლასის საპატრულო ხომალდები საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციის, სამართალდარღვევების დროულად გამოვლენისა და მათზე რეაგირების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ხომალდების გადმოცემის შედეგად, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლი, პარტნიორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ერთობლივ საზღვაო ოპერაციებში.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს აღნიშნული ხომალდების ეკიპაჟების 10 კვირიან გადამზადებას აშშ-ს სანაპირო დაცვის შესაბამის სასწავლებელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები