რომის პაპი: “სიყვარულის სიბრძნეში” გამოცდილი გვასწავლის, რომ “სრულყოფილი სიყვარული ისაა, როცა სხვების ნაკლოვანებებს იტან

”ნურასოდეს დავკარგავთ ღმერთის მოულოდნელი საოცრებების ხილვის სურვილს და მათდამი ნდობას”, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ მიხეილ მესხის სტადიონზე განაცხადა, სადაც წმინდა წირვა მიმდინარეობს.
როგორც რომის პაპმა აღნიშნა, ღმერთის ნუგეშის მისაღებად ერთი პირობა არსებობს, რომელსაც მისივე სიტყვა შეგვახსენებს – ”ღმერთი ბრძნული აზრებითა და განსწავლულობით კი არა, მორჩილი და მიმნდობი გულის სიმცირით შეიცნობა“
”ღმერთი ბრძნული აზრებითა და განსწავლულობით კი არა, მორჩილი და მიმნდობი გულის სიმცირით შეიცნობა. უზენაესის წინაშე დიდ ადამიანად ვერც მიწიერი პატივი და დიდება გვაქცევს და ქონება და წარმატება, არამედ წარმოცარიელება საკუთარი თავისა. სწორედ ბავშვია ის, ვისაც გასაცემი არაფერი აქვს, მისაღები კი ყველაფერი. იგი სუსტია, დედ-მამაზე დამოკიდებული. ვინც ბავშვივით თავს იმდაბლებს, ის საკუთარი თავით ღარიბია, ღმერთით კი მდიდარი.
ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ. ამიტომაც შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, კერძოდ ის, რომ ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება, ვინც უბრალო, გულწრფელი და ალალია. ამას გვიდასტურებს სახარებაც, სადაც, დიდი სასწაულები მცირე საგნებით ხდება: რამდენიმე პურითა და ორი თევზით. მდოგვის მარცვლით. ხორბლის მარცვლით, რომელიც მიწაში კვდება, მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, ღატაკი ქვრივის მიერ გაღებული ორიოდე გროშით, უფლის მსახურის, მარიამის მორჩილებით”, – განაცხადა ფრანცისკემ.
მისივე თქმით, ”ნურასოდეს დავკარგავთ ღმერთის მოულოდნელი საოცრებების ხილვის სურვილს და მათდამი ნდობას”.
”უნდა გვახსოვდეს, რომ მუდამ და უპირველესად მისი შვილები ვართ – არა სიცოცხლის ბატონ-პატრონნი, არამედ მამის შვილები; არა დამოუკიდებელი და თვითკმარი მოზრდილები, არამედ მუდამ ხელში ასაყვანი შვილები, რომელთაც სიყვარული და შენდობა სჭირდებათ. ნეტარ არიან ის ქრისტიანული საკრებულონი, რომლებიც ამგვარი სახარებისეული სიწრფელითა და სისადავით ცხოვრობენ! ისინი მატერიალურად ღარიბნი, მაგრამ ღმერთით მდიდარნი არიან. ნეტარ არიან მოძღვარნი, რომლებიც წარმატების ლოგიკას კი არა, სიყვარულის კანონს მისდევენ – მიღებას, მოსმენასა და მსახურებას. ნეტარ არს ეკლესია, რომელიც არც ფუნქციონალიზმის და ორგანიზაციული ეფექტურობის კრიტერიუმებს ენდობა და არც იმიჯის გულისთვის ირჯება. საქართველოს პატარა და ძვირფასო მრევლო, მუდამ ქველმოქმედებასა და აღზრდა-განათლებაზე მზრუნველო, ისმინე კეთილი მწყემსის გამამხნევებელ მოწოდებას, მიენდე მას, ვინც მხრებით გატარებს და ნუგეშს გცემს.
ყოველივე ზემო თქმულის შესაჯამებლად მოვიტანდი ყრმა იესოს წმიდა ტერეზას სიტყვებს, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ. იგი მიგვითითებს ღმერთისკენ მიმავალ თავის “პატარა გზას” – “მამის მკლავებს მინებებული და უშფოთველად მიძინებული პატარა ბავშვის ნდობას”, რადგან “იესო არ ითხოვს საგმირო საქმეებს, არამედ მხოლოდ მინებებას და მადლიერებას” მაგრამ, სამწუხაროდ, წმინდანი იქვე უმატებს, რომ ღმერთი იშვიათად თუ პოულობს “მისდამი უპირობოდ მინებებულ გულებს, რომლებიც სრულად შეიგრძნობენ მისი უსაზღვრო სიყვარულის სინაზეს”. თავად ახალგაზრდა წმინდანი და ეკლესიის მასწავლებელი კი, “სიყვარულის სიბრძნეში” გამოცდილი გვასწავლის, რომ “სრულყოფილი სიყვარული ისაა, როცა სხვების ნაკლოვანებებს იტან, მათი სისუსტეები არ გიკვირს და მათ მიერ გამოვლენილი თუნდაც უმცირესი სათნოებაც კი გზრდის”. წმინდანი იმასაც შეგვახსენებს, რომ “სიყვარული გულის სიღრმეში არ უნდა იკეტებოდეს”. მაშ, ვითხოვოთ დღეს, ყველამ ერთად, მადლი უბრალო გულისა, რომელსაც სწამს და ცოცხლობს სიყვარულის თვინიერი ძალით; ვითხოვოთ, რომ უშფოთველად და სრულად მივენდოთ ღმერთის გულმოწყალებას”, – განაცხადა რომის პაპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები