რომის პაპი: მსურს, გულწრფელად ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხთან

მსურს, გულწრფელად ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხთან, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.
„მსურს, გულწრფელად ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხთან, რომელიც არ ივიწყებს მიღებულ სიკეთეს, რომლის სტუმართმოყვარე ბუნება, სრულიად მიესადაგება იმედით აღსავსე მისი ცხოვრების წესს“, – განაცხადა რომის პაპმა.
მისი თქმით, უწმინდესის პირველი ისტორიული ვიზიტით ვატიკანში ორ ეკლესიას შორის ურთიერთობები განვითარდა და გაძლიერდა.
„კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად, ამის ნათელი დასტურია აქ ჩემი წარმოგზავნილებისა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება. ქართველ მართლმადიდებელთა მიერ გაწეული სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ვატიკანის არქივებსა თუ პონთიფიკალურ სასწავლებლებში, მართლმადიდებლური საკრებულოს არსებობა რომში ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიაში და ადგილობრივ კათოლიკურ საკრებულოსთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით კულტურის სფეროში”, – განაცხადა პაპმა.
ფრანცისკე პირველმა „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტი წაიკითხა, გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან მოიყვანა ციტატები ქართულ კულტურაზე და საგალობლებზე ისაუბრა.
„სიყვარულში ჰპოვებს ყოფიერების არსს თქვენი კულტურული მემკვიდრეობის უკვდავი სილამაზე მრავალი ფორმით გამოხატული, როგორიცაა მუსიკა, ფერწერა, ხუროთმოძღვრება, ცეკვა. თქვენ, უძვირფასესო ძმაო, ღირსეულად გამოხატეთ ეს სილამაზე, თქვენი არაჩვეულებრივი საეკლესიო გალობით. ზოგიერთი მათგანი ლათინურ ენაზე დაწერილი და ამდენად, განსაკუთრებულად ძვირფასია კათოლიკური ტრადიციისათვის. ისინი ამდიდრებენ თქვენს რწმენასა და კულტურის საუნჯეს, რომელიც მთელი საქრისტიანოსა და კაცობრიობის უნიკალური მონაპოვარია. იმსახურებენ ყოველმხრივ აღიარებასა და დაფასებას”, – განაცხადა რომის პაპმა.
მისივე თქმით, ქართულ მიწაზე სახარების დიადი ისტორია განსაკუთრებით დავალებულია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები