რომის პაპი საქართველოს პატრიარქს – მხოლოდ დიდ გულს შეუძლია ამოთქვას ისეთი ჰანგები, როგორიც თქვენს საგალობელშია

„თქვენ გადაფურცლეთ ახალი გვერდი ურთიერთობებისა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიას შორის“, – ამის შესახებ რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.
„თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გადაფურცლეთ ახალი გვერდი ურთიერთობებისა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიას შორის, როცა აღასრულეთ საქართველოს პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტი ვატიკანში. მაშინ თქვენ და რომის ეპისკოპოსმა მშვიდობის ამბორი მიაგეთ ერთურთს და შეჰპირდით, რომ ერთმანეთისთვის ილოცებდით. ამგვარად, გაძლიერდა ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან, ეს კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად. ამის ნათელი დასტურია, აქ ჩემი წარმოგზავნილებისა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება, ქართველ მართლმადიდებელთა მიერ გაწეული სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ვატიკანის არქივებსა და პონტიფიკალურ უნივერსიტეტებში, მართლმადიდებლური საკრებულოს არსებობა რომში, ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიაში და ადგილობრივ კათოლიკურ საკრებულოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კულტურის სფეროში”, – აღნიშნა რომის პაპმა.
​როგორც ფრანცისკე პირველმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოვიდა როგორ მომლოცველი და მეგობარი.
“ჩამოვედი აქ, ამ ღვთით კურთხეულ მიწაზე, მაშინ, როცა კათოლიკეთათვის გულმოწყალების საიუბილეო წელიწადი თავის მწვერვალს მიუახლოვდა. წმინდა პაპი იოანე პავლე მეორეც, პეტრეს მემკვიდრეთაგან პირველი, ასევე მეტად მნიშვნელოვან მომენტში, 2000 წლის იუბილეს ზღურბლზე ჩამობრძანდა აქ, რათა განემტკიცებინა ღრმა და ძლიერი კავშირები რომის საყდართან და შეეხსენებინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მესამე ათასწლეულის მიჯნაზე საქართველოს კულტურათა და ტრადიციათა გზაჯვარედინზე მყოფი უძველესი ქვეყნის წვლილი სიყვარულის ცივილიზაციათა ასაშენებლად”, – აღნიშნა რომის პაპმა.
რომის პაპმა საპატრიარქოში ქართული საგალობლები მოისმინა.
​„ ემოციით მოვისმინე თქვენი საგალობელი. მხოლოდ დიდად მოყვარე დიდ გულს შეუძლია ამოთქვას ასეთი ჰანგები”, – აღნიშნა რომის პაპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები