რომის პაპი საქართველოშია

რომის პაპი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
რომის პაპს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ხვდება.
დღესვე, რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრას გამართავს გიორგი მარგველაშვილთან და საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი და რომის პაპი 300-მდე მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართავენ, რომელთა შორისაც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების და საზოგადოების წარმომადგენლები.
1 ოქტომბერს რომის პაპი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა მესას აღავლენს და მესაზე დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართავს. თბილისში მყოფი რომის პაპი ასევე გამართავს შეხვედრებს ასირიულ-ქალდეურ საზოგადოებასთან, თბილისის სიმონ ბარ-საბას სახელობის ასირიულ-ქალდეურ კათოლიკურ ეკლესიაში, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ეკლესიაში და კამილიელი მამების სახელობის ცენტრში.
ვიზიტის დასასრულს, რომის პაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს მოინახულებს და ტაძარში მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს.
რომის პაპის ორდღიან ვიზიტს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები გააშუქებენ. აკრედიტაცია 150-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა. რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან  2  ოქტომბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები