საპარტნიორო ფონდი  „გაზელ ფონდის“  პარტნიორი ხდება

სს „საპარტნიორო ფონდი“  კანადური საინვესტიციო ფონდის  “გაზელ ფონდის”  (Gazelle Fund) პარტნიორი  ხდება.  შესაბამის შეთანხმებებს  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ, “გაზელ ფონდის” მმართველი პარტნიორის – Gazelle Finanace LLC-ის მენეჯერმა, ჯეფრი ლიბერტიმ,  ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის  DGGF   და  ჰოლანდიის  განვითარების ბანკის  FMO  წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, „გაზელ ფონდი“ მცირე და საშუალო იმ ბიზნესებს დააფინანსებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და სწრაფი განვითარების პოტენციალი აქვთ. შეთანხმების მიხედვით, საქართველოში ალტერნატიული ფინანსური რესურსების წყარო გაჩნდება, რაც ახალი ბიზნესების წამოწყებისა და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების, შემოსავლებისა და ეკონომიკური ზრდის გარანტორი იქნება და ამაში საკუთარ წვლილს საპარტნიორო ფონდი შეიტანს.
„გაფორმებული დოკუმენტის  თანახმად,  სს “საპარტნიორო ფონდი”, როგორც   Gazelle Fund-ის  ერთ-ერთი   პარტნიორი,  ფონდის კაპიტალში  6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის  ინვესტირებით შედის.  Gazelle Fund-ის  კაპიტალი  საწყის ეტაპზე  27,5  მლნ.    დოლარია,  ხოლო შემდგომ მისი საინვესტიციო მოცულობა   70 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზრდება,  საიდანაც   მინიმუმ 60%   საქართველოში დაიხარჯება.
ფონდს მართავს  აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია Gazelle Finanace, ფონდის  პარტნიორები არიან ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი  DGGF და  ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO.
ფონდს პარტნიორებთან ერთად აფინანსებს აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი – „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“  OPIC, რომელმაც ფონდს სესხის სახით   21 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საპარტნიორო ფონდი ინვესტიციას დებს საერთაშორისო კონსორციუმში, რომელიც მეტწილად ფოკუსირებული იქნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში  ინვესტიციების განხორციელებაზე“, – აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.

Gazelle Fund-ის შესახებ

“გაზელ ფონდი”  (Gazelle Fund) კანადაში,  ონტარიოს შტატში რეგისტრირებული  საინვესტიციო ფონდია, რომელიც  Gazelle Finanace  დააფუძნა. მმართველი პარტნიორი  Gazelle Finance  კი   წარმოადგენს აშშ-ში,  დელავერის შტატში რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც აშშ-ს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ არის რეგულირებული.  Gazelle Fund-ის მიზანია ინვესტიციების განხორციელება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში, სომხეთში, მოლდავეთსა და ყირგიზეთში.

საპარტნიორო ფონდის შესახებ

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები  5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს  „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები