ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ფერფლი იპოვეს – სოციალური ქსელის მომხმარებლები მის შთამომავლებს ეძებენ

უკრაინაში, ქალაქ ქერჩში 1943 წელს დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ირაკლი ბადალაშვილის ფერფლი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ოლეგ ზუბოვი აქვეყნებს. როგორც ზუბოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული ინფორმაცია მას ქერჩიდან ერთ-ერთმა ქალბატონმა მიაწოდა, რომელიც სამძებრო ჯგუფში მუშაობს.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ჯარისკაცის შთამომავლების მოძებნას ცდილობენ.
„ქერჩიდან დამირეკეს, ქალბატონმა, რომელიც სამძებრო ჯგუფში მუშაობს, ირაკლი ნიკოლოზის ძე ბადალაშვილის ფერფლი იპოვა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა (05.12.1943).
ის ბოლნისის რაიონიდან იყო, სოფელ წითელსოფლიდან. იქნებ შესაძლებელი გახდეს, ვიპოვოთ მისი შთამომავლები ან ნათესავები ფეისბუქში. თუკი ვერ ვიპოვით აქ, მაშინ იქნებ ბოლნისში გავემგზავროთ. გთხოვთ გააზიაროთ ეს ამბავი. ვფიქრობ, კარგ საქმეს გავაკეთებთ, თუკი ჩვენ ამ ჯარისკაცის შვილიშვილებს ან შვილთაშვილებს, ბაბუის საფლავს ვაპოვნინებთ“, – წერს ზუბოვი.
ქერჩის ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში მოხდა, როდესაც ქერჩის ნახევარკუნძულზე ფაშისტური გერმანიის ჯარები თავს დაესხა საბჭოთა ჯარებს, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იყო ეთნიკური ქართველებით.
1942 წლის მაისში, ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო სწრაფი ოპერაცია საბჭოთა არმიის წინააღმდეგ, რომელიც იცავდა ქერჩის ნახევარკუნძულს, ყირიმს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. ოპერაცია დაიწყო 1942 წლის 8 მაისს და დასრულდა 1942 წლის 18 მაისს საბჭოთა ჯარების სრული განადგურებით. საბჭოთა ქართული რაზმები, ფელდმარშალ ერიხ ფონ მანშტაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოექცნენ და მოიერიშე თვითმფრინავებიდან დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ. ჯარისკაცებმა ზღვით სცადეს უკან დახევა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, 10 დღიანი ბრძოლის შემდეგ დაახლოებით 120 ათასი ეთნიკური ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები