მაია ბითაძე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საიუბილეო გენერალურ კონფერენციას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ 60-ე საიუბილეო გენერალურ კონფერენციას დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებს მიმართა და საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლის შედეგადაც შეიქმნა ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს სურვილი აქვს,  ბირთვული ავარიის ან რადიოლოგიური ინცინდენტის შემთხვევაში დახმარების შესახებ კონვენციას შეუერთდეს.
მაია ბითაძემ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც ბირთვული მასალისაგან თავისუფალი სახელმწიფოსა და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქართველოში ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტებისათვის, რომლის საერთო ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს, ასევე, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა მხარდამჭერ პარტნიორს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური კონფერენცია  ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას სააგენტოს ყველა წევრი სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაციები იღებენ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები