„მეიქათონის“ ფარგლებში, ინოვაციური პროექტების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სასტუმრო „ბილთმორში“, თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურს „მეიქათონში“ გამარჯვებულები გამოავლინეს. დაჯილდოვების ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და კონკურსანტებს სიტყვით მიმართა. კონკურსში, რომლის თემატიკაც წელს „ქალაქის ურბანული ელემენტი იყო, 15 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსანტებს ამ თემაზე საკუთარი ინოვაციური პროექტები უნდა წარმოედგინათ, რომლებზეც მუშაობა და ყალიბების დამზადება მუნიციპალურ Fab Lab-ებში გაგრძელდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენილი 15 პროექტი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი საუკეთესო იდეა გამოავლინა. პირველი ადგილი ინოვაციურმა წყლის დასალევმა სვეტმა აიღო, რომელიც შშმ პირებისთვისაა გათვლილი. მეორე ადგილზე პროექტი „ინტელექტუალური ხე“ დასახელდა, რომელიც ღია ცის ქვეშ, თავისუფალ ბიბლიოთეკას წარმოადგენს. მესამე ადგილი კი კედლის დეკორატიულ ელემენტს, წარწერა „თბილისს“ ერგო.
როგორც გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ  თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, შემოსული იდეებიდან, შესაძლოა, ქალაქში რამდენიმე მათგანი რეალურად განხორციელდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია ის, რომ „მეიქათონში” მონაწილე ახალგაზრდებმა საკუთარ პროექტებზე ჩვენს Fab Lab-ებში იმუშავეს, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდა იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ხორცს ასხამს ახალ პროექტებს. Fab Lab-ები გახლავთ ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან პროდუქტი, რომლითაც შემდგომში ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, შესაბამისად, ინოვაციური ლაბორატორია Fab Lab-ი მათთვის, მართლაც რომ საუკეთესო წამოწყება და შესაძლებლობაა“ , – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის შეფასებით, წლევანდელმა „მეიქათონმა, რომლის თემატიკაც „ქალაქის ურბანული ელემენტი“ იყო, გაამართლა. დავით ნარმანიამ პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები