“ქართული ოცნება“ ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას გმობს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას გმობს. ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებაში, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ქართული ოცნება გმობს ე.წ. ნაციონალისტური ჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული აქცია. აუცილებელია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ ფაქტის გამოძიება და შესაბამისი სამართელბრივი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველგვარი ძალადობა და აქცია, რომელიც მიმართულია შუღლის გაღვივებისა და ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით „ქართული ძალის“ აქტივისტებმა არასანქცირებული მსვლელობა გამართეს. შსს-ს ცნობით, მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს.
სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები