ნუგზარ ფოფხაძე: უსიამო აქცენტები და ცხელ გულზე დაწერილი უსტარი

მედიაჰოლდინს “რეპორტიორის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე განცხადებას ავრცელებს და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს. “კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

(ციკლიდან: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი!...”)

ჩემი ყოფილი სტუდენტები თითქმის ყველა ტელეარხზე მუშაობენ. მათ შორის „რუსთავი-2″-ზე. პირადად ჩემთვის, საინტერესო და ახლობელ არხზე, რომლის გადაცემები, პოზიცია კი არის ზოგჯერ საკამათო, მაგრამ, ვინმეს პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, ის ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა… ამ არხზე მომუშავე ჩემები – ნიჭიერები, ობიექტურები, პროფესიულად და ადამიანურად სინდისიერები, უფროს-უმცროსობის პატივისმცემლები, არაუმადურნი, მე-6 კორპუსის პატრიოტები, „რუსთავი-2″-ის გვარდიაა.

სწორედ მათ (ნოდარს, ნანუკას, მაიას, გიორგის, ნატოს…) ვთხოვ გადასცენ თავიანთ კოლეგას, თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის დიპლომის მქონე ქალბატონ ეკა კვესიტაძეს, რომ მისი „აქცენტებში” გაჟღერებული უადგილო აქცენტების გამო, აკაკის „გამზრდელის” წაკითხვა ნამდვილად არ მომიწევს, რამეთუ იგი, როგორც სტუდენტი, ერთადერთხელ (!) მყავს ნანახი, ისიც სახელმწიფო გამოცდაზე, რომელზეც იგი, თსუ რექტორატმა დაუშვა, როგორც გამონაკლისი, ჩემი, როგორც ფაკულტეტის დეკანის არგუმენტირებული და დაჟინებული მოთხოვნის შედეგად.

არავის არაფერს ვამადლი და არც სამაგიერო სიკეთეს ვითხოვ. ეს ნებისმიერ თქვანთაგანს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ამ და სხვა დეტალს იმიტომ ვიხსენებ, რომ ამ დღეებში შექმნილი ვითარება და მასთან დაკავშირებული კომენტარები მაიძულებს ზოგადი და პროფესიული ეთიკის დაცვისკენ მოვუწოდო მავანს. და მივანიშნო: ძალზედ მნიშვნელოვანია საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებებზე მაღლა დგომა, მაშინ, როცა თანამდებობრივად თუ პროფესიულად ხელგეწიფება პერსონასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შეფასება, რომელთაც შეუძლიათ პოზიტიური თუ ნეგატიური ზეგავლენა მის აწმყოსა თუ მომავალზე, ავტორიტეტზე, რეპუტაციაზე, მის გარშემო შექმნილ განწყობაზე. ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობდა ზემოთ მოტანილი ნაბიჯი და ისიც, რასაც ქვემოთ გავიხსენებ:

„აქცენტების” ავტორს კარგად უნდა ახსოვდეს სახელმწიფო გამოცდის პროცესი – ჩვენი დისკუსია ბილეთის ძირითადი საკითხზეც („პრესა და პოლიტიკა”). მით უმეტეს, შედეგი – კომისიის მოულოდნელი, „გამაოგნებელი” გადაწყვეტილება („კბილებით რომ გავიტანე” ), რომლითაც პროფესორ თამაზ ჯოლოგუას სანდო ინფორმაციით, დიპლომანტი კვესიტაძე „სასიამოვნოდ გაკვირვებული” დარჩენილა.

მე კი პირიქით, უსიამოდ გაკვირვებული ვარ მისი გასული კვირის „აქცენტებში”, დასმული აქცენტებით და კიდევ „რაღაც-რაღაცეებით”…

თქვენ, რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ „აქცენტები” საგანგებოდ მიეძღვნა ახალი პოლიტ- და წინასაარჩევნო ვარსკვლავის ერთი სატელეფონო საუბრის „ფარულ ჩანაწერს”. ისიც ცნობილია, რომ ავტორის ძირითადი „დარტყმის” ობიექტი „რეპორტიორი” გახლდათ. ისიც ხაზგასმით ჩანდა, რომ მისი ერთერთი დამფუძნებელი საქტელერადიოს ყოფილი შეფი (ანუ, მე) გახლავართ. ჩემი ბიოგრაფიის ამ შტრიხის გამოკვეთილ ხაზგასმას, ისევე როგორც ღიმილისმომგვრელ ზოგიერთ სხვა მინიშნებას, კახეთში ვირეშმაკობას ეძახიან.

უნდა გავაწბილო ავტორი და კომპანია: სხვებთან ერთად მეც სააგენტოების მეშვეობით გავეცანი ამ პუბლიკაციას. ოპერატულობის მხრივ ჩვენების პირველობაც მოულოდნელი იყო ჩემთვისაც, რამეთუ რამდენიმე ხანია „რეპორტიორში” კი არა, თბილისშიაც არ ვიმყოფებოდი. და ადგილზედაც რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა ამ მასალის შესახებ მეც გამოქვეყნების შემდეგ გამეგო. და ეს ბუნებრივია – სარედაქციო დამოუკიდებლობის, შემოქმედებით საქმიანობაში, დირექციის ყოველდღიური ოპერატულ საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპს პირადად მე, როგორც სააგენტოს ერთერთი დამფუძნებელი, უმკაცრესად ვიცავ. ცალკეული ჟურნალისტების შემოქმედებასაც თვალს ვადევნებ მხოლოდ და მხოლოდ როგორც მკითხველი ან უფროსი კოლეგა. ამას უყოყმანოდ დაადასტურებს ნებისმიერი ყოფილი თუ ახლანდელი თანამშრომელი.

და როცა ატყდა აჟიოტაჟი, ბუნებრივია, ჩავიხედე სარედაქციო „სამზარეულოში” და, ცოტა არ იყოს, დავიბენი: ვერ დავინახე „რეპორტიორით” ასეთი გაწიწმატების მიზეზი. უფრო მეტიც, ვერც „რეპორტიორის” ოპერატულობით მორიგე რედაქტორების ტრაბახის საფუძველი აღმოვაჩინე, რამეთუ სხვა სააგენტოებს კი დავასწარით, მაგრამ საკმაოდ დავაგვიანეთ: ჩვენს საიტზე ჩანაწერი დაიდო „იუთუბიზე” გამოქვეყნებიდან 11-12 საათის შემდეგ.

ნამეტნავად ბანალურია შეკითხვაც: საიდან მოხვდა „რეპორტიორის” ხელში ეს მასალა, რატომ მას და არა სხვას აღმოაჩნდა ეს ჩანაწერიო…

– საიდან (?) მოხვდა და იქედან, საიდანაც თქვენ და ნებისმიერი სხვა რედაქცია იღებს ინფორმაციას!

– როგორ (!) და ზუსტად ისე, როგორც ჩვენი კოლეგები მოიპოვებენ კიდევ უფრო საინტერესო მასალებს!

აშკარაა: არ იქნებოდა „რეპორტიორი” და იქნებოდა სხვა სააგენტო, ტელეარხი, რადიო, გაზეთი.

რა ამის მაგალითი დღევანდელ მედიასივრცეში ცოტაა?

როდესმე ვინმესგან მოგვიკითხავს ის, თუ ვინ არის ის „წყარო”, ვინც ჩვენს კოლეგებს ამარაგებს არა ნაკლებ (თუ მეტი არა) საინტერესო თუ „სკანდალური” ამბებით?

სხვათაშორის, აგერ, ამ ბოლო ხანს საზღვარგარეთულ საიტებზე გამოქვეყნდა კიდევ რამდენიმე ჩანაწერი, გაცილებით უარესი, უფრო სკანდალური, მართლა საღრიალო. ყველა ამ ჩანაწერზე საუბრობს, მაგრამ კაცი არ კითხულობს კონკრეტულად საიდან, რატომ მანდამაინც იქ და არა სხვაგან…

დუმილი! დუმილი! დუმილი!

„არასაიდან ხმა, არსით ძახილი!..”

ერთი სიტყვით, ფუჭია დავა ელემენტარულ საკითხებზე, რაც დღესავით ნათელია თუნდაც გონებაშეზღუდული ადამიანებისთვისაც კი, ეტყობა, ძნელად გასარკვევია „აქცენტებისთვის”. ამიტომ, გამოძიებას მაინც თხოვს ჩვენი კოლეგა დაკითხეთო „რეპორტიორი”. იგრძნობა, მრჩევლის ხელი, სტილი, გამოცდილება…

რა თქმა უნდა, თუ ეს საჭირო გახდა, სააგენტოს გენერალური დირექტორი ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს „სადაც ჯერ არს”. ასეთ მოთხოვნა-დასმენას შეჩვეულები ვართ. ისევე, როგორც ასეთი ენთუზიასტი ჩხირკიდელების კი არა, ზოგჯერ პროფესიული ნაბიჭვრების ცნობისმოყვარეობასაც აკმაყოფილებს, თუნდაც, „ვარსკვლავბიჭუნებით” დაკომპლექტებული პროკურატურის ხელმძღვანელობა. თუმც, როგორც ადრე, ახლაც ვერავინ დააჭრის ყურებზე ხახვს მართალ (!) „რეპორტიორს”.

სამაგიეროდ, „აქცენტებში” დასმულ-გაჟღერებული უადგილო აქცენტების შემდეგ მეხსიერებაში ამოტივტივდა ზოგიერთი ძველი თუ ახალი პუბლიკაცია, გაიბა უხილავი დამაკავშირებელი ძაფები და გაჩნდაა ელემენტარული შეკითხვები, თუნდაც იმის თაობაზე, თუ:

– რატომ დევნიან ასე პერმანენტულად „რეპორტიორს” ვიღაც-ვიღაცეები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებად, დემოკრატიის და „თავისუფალი სიტყვის” დამცველებად რომ ასაღებენ თავს?..

– რატომ უყენებენ „რეპორტიორს” აბსურდულ ბრალდებებს გაუგებარი წარმომავლობის, ბიოგრაფიის, დამსახურების, კომპეტენციის თვითმარქვია ექსპერტები, „კაპიტნები” თუ „პრეზერვატივის პრინცესები” – ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მსუნაგობისა და „უთოფო ყაჩაღობის” შესახებ ლეგენდებს ყვებიან მათი ყოფილი კოლეგები?

– საიდან მოაქვთ მათ და რატომ აკავშირებენ ეს მართლა „ნომრიანი აგენტები” ჩვენ მედიადანაყოფს ჩრდილოეთის სტრუქტურებთან?..

-საიდან „ამოჩიჩქნეს” ვითომ ანტიდასავლური, პრორუსული თუ ყურითმოთრეული „სიძულვილის ენა” ჩვენი სააგენტოს ორიგინალურ (!) მასალებში?..

ანდა, სრულიად ახალი და კონკრეტული:

– „რეპორტიორის” ოფისში რატომ მივარდა ასე უცერემონიოდ „აქცენტების” გადამღები ჯგუფი?

– სად და ვისგან ისწავლეს ასეთი „ჯიქური” – ტექნოლოგიები, ფარული მიკროფონებით, კამერებით?

დალოცვილებო, არ შეიძლებოდა კომენტარზე წინასწარი შეთანხმება, თუნდაც ტელეფონით, რომ კოლეგებთან ურთიერთობაში საჭირო „აფთიაქარის” სიფრთხილის ნაცვლად „კავალერისტული” მეთოდით არ მოგენდომებინათ კონტაქტი?

ანდა, ვინ ძალიან „ჭკვიანმა” კეთილმსურველმა უკარნახა პრეზიდენტ ბუშისთვის ხელჩამორთმეულ ჟურნალისტ – ქალბატონს უტაქტო, პრიმიტიულ კავშირ-მინიშნებებზე ე.წ. ხვედელიძის გვართან დაკავშირებულ „ფარულ ჩანაწერთან”, რომელიც ჩემ კერძო-საკუთრებაში(!) არსებულ საცხოვრებელ სახლში ფარულად (!), უკანონოდ (!), უზნეოდ (!) გაკეთდა და რომელიც, სხვათაშორის, საშური ოპერატულობით პირველმა (!) გაასაჯაროვა საგანგებო გადაცემაში „რუსთავი-2″-მა. „ორმაგი სტანდარტის” დამადასტურებელი ეს ფაქტი არ იცოდა ან არ ახსოვდა ენთუზიასტ ავტორს, თორემ ამ „ნაჯახური-დახვეწილობით” აღსავსე „მახვილგონივრულ” სვლას, ალბათ, აიცილებდა თავიდან.

საერთოდ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ამ ბანალური პუბლიკაციის ზღვარგადასულმა და აშკარად სუბიექტურმა შეფასება-იარლიყებმა, რომლებითაც ზოგიერთმა კოლეგა თუ პოლიტიკოსმა „დააჯილდოვა” ჩვენი „შავბნელი”, „მთავრობასთან დაახლოვებული” სააგენტო.. თანაც, ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ზოგიერთი პერსონა (მათ შორის ჩემთვის არც თუ უცხო, ერთი კი განსაკუთრებით ახლობელი) ისე დაუზოგავად ჭრის და კერავს, ისე დავიწყებული აქვს მრავალწლიანი თბილი ურთიერთობა, ისე დამაჯერებლად და ღრმადჩახედული სახით საუბრობს მისთვის აბსოლუტურად უცხო საკითხებზე, გეგონება… ჩვეულებრივ მღერის გოდუნოვის არიას საოპერო სცენაზე.

მაგრამ ერთია, როცა ამას აკეთებს საარჩევნო მარათონში ჩაბმული პოლიტიკოსი ან ჩინოვნიკი და მეორე, პიროვნება რომელსაც პრეტენზია (!) აქვს პროფესიონალიზმზე, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების ცოდნა-ერთგულებაზე.

აი, ამ შემთხვევაში კი, ნურას უკაცრავად!

პასუხი გაეცემა ყველას, საგნებს დაერქმევა საკუთარი სახელები და, ნუ გონია რომელიმე მოკანდელაკ-მოდარჩიაშვილ-მობაბილაშვილ პროვოკატორს (სქესის მიუხედავად), რომ ნამეტნავად მეშინია საკუთარი წარსულის წამოძახების.

და ბოლოს: მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ „აქცენტების” მუდმივი მაყურებელი, მაინც განვიცდი მის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკულ, ზოგჯერ მოუზომავ, უხეშ შეფასებას (რიკოშეტით მის „მასწავლებლებსაც” რომ ეხება, მით უმეტეს, ქალბატონი ჟურნალისტის დიპლომს ჩემი ხელმოწერაც „ამშვენებს”). იგი უნიჭო ნამდვილად არ არის, მიზანსწრაფვა არ აკლია, ოჯახურ-პროფესიულად არის გათვითცნობიერებული მოსმენა-თვალთვალის ტექნოლოგიებში, იდეურ მოწინაღმდეეგებზე დაუნდობელი, „ტანკივით გადავლაც” სიამოვნებას ანიჭებს. და, სწორედ ამიტომ, მამაშვილურად ვურჩევ ნახოს და გაიაზროს ნოდარ დუმბაძის ის მოგონება, რომელიც „შუბლის ძარღვს” ეხება და რომლის „ლინკს” აქვე ვდებ.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, ვგონებ, სწორედ ამ სიბრტყეში უნდა ვეძებოთ მისი შემოქმედებითი „პროდუქტით” აუდიტორიის ერთი ნაწილის გაღიზიანება-უკმაყოფილების მიზეზი.

ისიც მგონია, რომ დიდი მწერლის რჩევა-გამოცდილების გათვალისწინება გამოგვადგება ყველას, დიდს თუ პატარას – ჟურნალისტს, მენეჯერს თუ პოლიტიკოსს, ჩემიანებს თუ „სხვისიანებს”!

https://www.youtube.com/watch?v=ataXsxxFSLg

წყარო: “რეპორტიორი”

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები