გარდაცვალებამდე მამაკაცი დახმარებას ითხოვდა – რას ჰყვებიან მეზობლები ვაზისუბნის შემთხვევაზე

ვაზისუბნის პირველ კვარტალში მომხდარი აფეთქების მიზეზად მეზობლები ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, 72 წლის მამაკაცი აფეთქებისას არ გარდაცვლილა, იგი აფეთქებიდან რამდენიმე წუთის მანძილზე კარებზე აბრახუნებდა და შველას ითხოვდა.
მათივე თქმით, ისინი საკუთარი ძალებით ცდილობდნენ მოხუცს დახმარებოდნენ, თუმცა მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.
ამასთან, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ სასწრაფომ და სამაშველო ბრიგადამ ადგილზე მისვლა დააგვიანა.
„აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ მთლიანად დაიმსხვრა პირველი სართულის ფანჯრები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ძლიერი აფეთქების მიუხედავად სახლში მარტო მყოფი 72 წლის მამაკაცი გადარჩა, თუმცა იმის გამო რომ მან ვერ შეძლო კარების გაღება უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როცა აფეთქების ხმა გავიგე, კიბეებზე ჩამოვრბოდი და ბრახუნის ხმა გავიგე კარებზე. ის კაცი აბრახუნებდა. სასწრაფომ დააგვიანა. ალბათ, რომ მოსულიყვნენ დროულად მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო. ყვიროდა კარები გამიღეთო. მეზობლები გარედან ცდილობდნენ კარების გაღებას, მაგრამ ვერ შეამტვრიეს“, – აცხადებენ ადგილობრივები. აღნიშნულ ბრალდებას შსს-ში უარყოფენ და აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე გამოძახებიდან 7 წუთში მივიდნენ.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა აღნიშნა, მამაკაცს მე-4 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. იგი პირველ სართულზე მარტო ცხოვრობდა და მეზობლებთან იშვიათად კონტაქტობდა. რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მობილიზებული კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები, აცხადებენ, რომ აფეთქება გაზის გაჟონვას არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები