თსუ-ში სწავლის დაწყების ღონისძიება ჩაიშალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების ღონისძიება ჩაიშალა. ამის მიზეზი „აუდიტორია 115“-ის წევრები გახდნენ.
ცოტა ხნის წინ შენობაში სტუდენტების შესვლის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა. პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა ახალ რექტორს, გია შარვაშიძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. რექტორი და სტუმრები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დედაქალაქის მერი იძულებული გახდნენ, შენობაში, კაბინეტში გადასულიყვნენ. ამის შემდეგ „აუდიტორია 115}“-ის წევრებმა უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს მიმართეს და 6 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნა გააცნეს.
„არავითარი პოლიცია არ გამოგვიძახებია, აქ იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ძალა გამოიყენეს. ჩვენ გავარკვევთ ყოველ კონკრეტულ ფაქტს. ვინც არის დამნაშავე, დაისჯება კანონის შესაბამისად, მკაცრად დავიცავთ კანონს. მოვუწოდებ ყველას, არ არის საჭირო აჟიტირება, დიალოგი თუ გვინდა, დიალოგს გავმართავთ. მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის,“ – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გია შარვაშიძემ.
უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტის გამო, ჟურნალისტებთან განათლების მინისტრმა ისაუბრა.
„მეტი ავტონომია და თავისუფლება, როდესაც ჩვენ ვდგავართ მთელი ხელისუფლება და ვაძლევთ საშუალებას ამ ხალხს, რომ თავისი აზრი გამოხატონ, მე მგონი არ არსებობს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ფორმას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა, მაგრამ შინაარსი არის აბსოლუტურად სწორი. სწორედ ამას ვაპირებთ – ვაპირებთ, რომ მეტი ავტონომია ჰქონდეს უნივერსიტეტს, უფრო ძლიერი თვითმმართველობა, საერთაშორისოზე ორიენტირებული უმაღლესი განათლება და ამ უნივერსიტეტმა დაიბრუნოს ლიდერობა. ამისკენ იქნება მიმართული მთელი ჩვენი ძალისხმევა,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
დაპირისპირების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე „აუდიტორია 115“-ის წევრებს ხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები