საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

ნიუ-იორკის შემდეგ საქმიან შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ვაშინგტონში განაგრძობს.
აშშ-ში იმყოფება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს ფონდის კონსულტანტი მირიან გოგიაშვილი. ფონდის დელეგაციას ვაშინგტონში ამერიკის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის OPIC-ის მმართველმა პირებმა უმასპინძლეს.
ოფიციალურ შეხვედრას OPIC-ის მმართველი დირექტორი – კენეთ ანჯელი, პოლიტიკური და სუვერენული რისკების დირექტორი – ქეით შვაიგარტი, საინვესტიციო ფონდების დეპარტამენტის დირექტორი – აშოკ ტომასი და “გაზელის ფონდის” მმართველი, ოფიცერი სტეფან კომსა ესწრებოდნენ.
მხარეებმა OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები და არსებული, ერთობლივი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ახალი ფინანსური პროდუქტების ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას. დაისვა საკითხი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპების ჩამოყალიბებას და კომერციულად საინტერესო პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს. მხარეებმა შეხვედრაზე მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის ფონდ Gazelle Finance-ში თანამონაწილეობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტის გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს. შეთანხმებას ხელი თბილისში 30 სექტემბერს მოეწერება. ეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერის მიზნით OPIC-მა საქართველოში დღემდე 50-ზე მეტ პროექტში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია დააბანდა.
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საკითხების კურატორს, ალისონ ბრაუნს, დახმარების კოორდინატორს, ეილიინ სმიტს, სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის ოფისის დირექტორს, ნატაშა ფრანჩესჩის, ეკონომიკური და ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სტევენ დიოკასს და ევროკავშირისა და რეგიონალური თანამშრომლობის მთავარ ეკონომიკურ ოფიცერს, რობერტ გერბერს შეხვდა. შეხვედრაზე აშშ-ის საფინანსო ბაზრებიდან საპარტნიორო ფონდისთვის თანხის მოზიდვის საკითხი დაისვა. ფონდის დელეგაციამ საქართველოს საინვესტიციო ბაზარი და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო სახელმწიფო დეპარტამენტის მონეტარული და პროფესიული გუნდების წარმომადგენლებთან განიხილა. შეხვედრა შედგა სანქციების პოლიტიკისა და აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ჯეიმი მუდსთან, სადაც მეზობელი ქვეყნების მიმართ სანქციების პირობებში, საქართველოში მათთან საქმიანობის შესაძლებლობები შეფასდა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა პირისპირ შეხვედრები გამართა ამერიკის ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გამოყენება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იყო.

მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კონგრესმენ სტივ შაბოტთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის ბაზრებიდან ფინანსური რესურსების მოპოვების შესაძლებლობებს. პირისპირ შეხვედრა გაიმართა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელსა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CSIC) დირექტორ ჯეფ მანკოფს შორის. შეხვედრაზე აშშ-ში ქართულ-ამერიკული ბიზნესფორუმის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში დავით საგანელიძე BENS-ის ბრიგადის გენერალს, ტომ კასტელანოსაც შეხვდა. BENS-ი ამერიკის მსხვილ ბიზნესებს აერთიანებს. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებით ნიუ-იორკში ფართომასშტაბიანი, უმაღლესი დონის შეხვედრა დაგეგმეს. შეხვედრაზე ამერიკულ “Royal Shaw”-ში საქართველოს შესახებ გადაცემის მომზადება და ორგანიზაციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი გადაწყდა.
საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩიკაგოს საქმიანი წრეების, ბანკებისა და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები