ხევი-არგვეთას მონაკვეთის დეტალური პროექტის მომზადება იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი E60 ავტომაგისტრალის, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას (რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი) მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას იწყებს.
როგორც “კვირას” გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ხევი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის მოსამზადებლად სატენდერო წინადადებების მიღება დასრულდა. სატენდერო წინადადება 50-მა კომპანიამ შემოიტანა. შემდგომ ეტაპზე მოხდება მიღებული წინადადებების შეფასება და გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მოცემული დავალების შესრულება 12 თვეში უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონი აშშ. დოლარია და აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კილომეტრია და ის ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
ამ მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის შემცირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები