ბატონის სასახლეს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, თელავში ბატონის სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა და ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას, ავთენტურობის მაქსიმალური დაცვით. ამ დროისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მიმდინარეობს სამხრეთ აივნის აღდგენითი სამუშაოები, თაღოვანი სახურავის რეაბილიტაცია, ლესვითი სამუშაოები, ვიტრაჟების მონტაჟი და ა.შ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგამოფენო სივრცესა (მუზეუმს) და მიმდებარე ტერიტორიასაც.
სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება 2017 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 6 423 430 ლარია.
ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, თუმცა მაშინ არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, არსებული პროექტი შეიცვალა და ყველა შესაბამისი ნორმა ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად სრულად იქნა დაცული .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები