მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიებს სამშვიდობო მემორანდუმის დაცვისკენ მოუწოდებენ

“ქართული ოცნების” მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მუნიციპალიტეტის გამგებელი პარტიებს სამშვიდობო მემორანდუმის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” არ ითვალისწინებს “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებულ სამშვიდობო მემორანდუმის ძირითად პრინციპებს.
“ეს გამოიხატება საარჩევნო გარემოს უხეშ დარღვევასა და კონკურენციის პრინციპების იგნორირებაში. მე, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, არჩევნები ჩაატარონ დემოკრატიულ და მშვიდობიან გარემოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან გატარდება ყველა ზომა, რათა დავიცვათ ის პრინციპები, რაც ეხება დემოკრატიას და არჩევნების სრულყოფილად ჩატარებას”,- აცხადებს თოფჩიშვილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 35-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რუსლან გაჯიევის განცხადებით კი მის ოლქშიც ძირითად დამრღვევ ძალას “ნაცმოძრაობა” წარმოადგენს.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის თქმით, ის “ქართული ოცნების” მიერ გამოქვეყნებული სამშვიდობო მემორანდუმის ყველა პრინციპს იზიარებს.
“მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ დაიცვან აღნიშნული მემორანდუმის პრინციპები”, – განაცხადა ნავერიანმა “პირველ პრესკლუბში”.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარტიებს სამშვიდობო მემორანდუმი შესთავაზა, რაც არჩევნებს მშვიდობიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმს “ნაციონალური მოძრაობა” ემიჯნება და ხელს არ აწერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები