„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების” განხორციელების განახლებული საგზაო რუკის პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების” განხორციელების განახლებული საგზაო რუკის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ მიმართეს. განახლებული საგზაო რუკა სტუმრებს საერთაშორისო ექსპერტმა სამართლის საკითხებში, რალფ იულიხმა წარუდგინა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო რუკა წარმოადგენს ევროკავშირთან გარემოს დაცვის კუთხით ჰარმონიზაციის პროცესის მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს, თანმიმდევრულად განსაზღვრული ქმედებებითა და კონკრეტული ვალდებულებების შესასრულებლად გაწერილი ვადებით.
უწყების ცნობით, გამომდინარე იქედან, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების თავში ასახული დირექტივების ნაწილი დაკავშირებულია სხვა მომიჯნავე დარგებთან, შეხვედრა მიზნად ისახავს საგზაო რუკაში შეტანილი ცვლილებების გაცნობას სხვა უწყებებისთვის, რადგან ზემოაღნიშნული დირექტივების შესრულება მიზანშეწონილია შესაბამის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა უწყებების მაღალი რანგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები