ალექსანდრე ჯეჯელავა: სტუდენტების, მათ შორის, ”აუდიტორია 115”-ის მოტივები, მხოლოდ პოზიტიურია და მიმართულია უნივერსიტეტის განვითარებაზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სტუდენტების, მათ შორის, ”აუდიტორია 115”-ის მოტივები მხოლოდ პოზიტიურია და მიმართულია უნივერსიტეტის განვითარებაზე.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ თსუ-ს რექტორობის ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლობა სრულიად ახალ დონეზე გადავა.
ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, ”აუდიტორია 115”-ისა და გია შარვაშიძის გუშინდელი შეხვედრა აპლოდისმენტებით დასრულდა.
”აუდიტორია 115”-ის წევრები, გუშინ შეხვდნენ ბატონ შარვაშიძეს, ისევე, როგორც სხვა კანდიდატებს და მათი შეხვედრა აპლოდისმენტებით დასრულდა. ძალიან პოზიტიური განწყობაა. ჩვენი სტუდენტების, მათ შორის, ”აუდიტორია 115”-ის მოტივები, მხოლოდ პოზიტიურია და მიმართულია უნივერსიტეტის განვითარებაზე, ისევე, როგორც სამინისტროს მოტივები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის, თანამშრომლობა სრულიად ახალ დონეზე გადავა და იქნება ძალიან კონსტრუქციული. რაც შეეხება კრიტიკას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში უფლება აქვს თავისი აზრი გამოხატოს ნებისმიერი მიმარულებით. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურად დამთავრდება”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
”აუდიტორია 115-ის” წევრის თორნიკე შევარდნაძის განცხადებით, ისინი არც ერთ კანდიდატს მხარს არ უჭერენ. თუმცა, მისივე თქმით, „აუდიტორია 115“ -ის წევრები გარკვეულწილად ეწინააღმდეგებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი შარვაშიძის რექტორად არჩევას.
”ჩვენ გიორგი შარვაშიძისგან მოვისმინეთ, რომ ის მოქმედებდა გუნდურად და არ იღებდა გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ჩვენ არავის გამორჩეულად არ ვუჭერთ მხარს”, – განაცხადა თორნიკე შევარდნაძემ.
”აუდიტორია 115-ის” წევრებს რექტორობის სამივე კანდიდატი გუშინ შეხვდა.
რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 სექტემბერს გაიმართება. სულ რექტორის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად 3 კანდიდატი იბრძვის – გიორგი შარვაშიძე, გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძე.
რექტორს აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები