კახეთში ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასმა მევენახემ ჩააბარა

21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა 56 ათასი ტონა ყურძენი. როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 48,7 მლნ. ლარი შეადგინა.
კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 6 136 ტონა. ამ დროისათვის, სულ გადამუშავებულია 28,2 ათასი ტონა რქაწითელი, 24 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 20,1 ათასი ტონა, ყვარელი – 13,6 ათასი ტონა, თელავი – 12,3 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1080 ტონა, საგარეჯო – 622 ტონა და ახმეტა – 562 ტონა.
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 62 ღვინის კომპანია, მათ შორის, 13 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიებია.
ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე – 0,45 ლარი; საფერავზე – 1 კგ-ზე – 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე – 1 კგ-ზე – 2 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები