დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის, “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” პრეზენტაცია გამართა

საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 50 მნიშვნელოვანი ობიექტისა და გზებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო დღეს ბიზნესის ასამდე წარმომადგენელს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პრეზენტაცია თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე გაიმართა და მას ბიზნესმენებთან ერთად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა და რამდენიმე მიმართულებისგან შედგება. ესენია:
„50 ქონება შენი სასტუმროსთვის“
„ადგილები გზებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად“
„ადგილები გადასახედი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად“
„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორი. ის აგენერირებს 2 მილიარდამდე დოლარს ჩვენს საგადასახდელო ბალანსში და შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვა ტურიზმის სექტორში არის ჩვენი ქვეყნის და მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დღეს ჩვენ კერძო სექტორს წარვუდგინეთ რამდენიმე ათეული იდენტიფიცირებული ქონება, სადაც შესაძლებელია სასტუმროების, მოსასვენებელი ადგილებისა და პანორამული გადმოსახედების მოწყობა. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ტიპის შეთავაზებები კიდევ უფრო აქტიურს გახდის ჩვენს კერძო სექტორს და კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელდება ტურიზმის მიმართულებით“ – განუცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მიმართულებით პრაქტიკულად არსებობს ბიზნესგეგმები ჩამოყალიბებული საინვესტიციო შესაძლებლობებით, რომელიც იძლევა ინვესტიციების განხორციელების, უკუგებისა და ადამიანების დასაქმების შესაძლებლობას.
„ტურიზმი არის სწორედ ის მიმართულება, რომელიც იძლევა ერთ-ერთ საუკეთესო უკუგების შესაძლებლობას. ბოლო პერიოდში, მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენ საქართველოში დღეს 1270 განთავსების ობიექტი გვაქვს. მთელი ამ ფონდის 41 პროცენტი მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში არის შესული, შემდეგი 2 წლის განმავლობაში უკვე იდენტიფიცირებული პროექტები მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიციაა, 80-ზე მეტი განთავსების ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს ამ წუთისთვის და, საბოლოო ჯამში, 10 ათასზე მეტი საწოლი ოთახი უნდა აშენდეს. დღევანდელი პროექტით ჩვენ კიდევ ერთი მილიარდის საინვესტიციო შესაზლებლობები შევთავაზეთ კერძო სექტორს და დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისტორიული მნიშვნელობის შენობებზე და კერძო სექტორს თხოვნით მიმართა, განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ამ შენობების იერსახისა და ღირებულებების შენარჩუნებისთვის. „პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთად გადავარჩინოთ ის ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს და გავაცოცხლოთ ის“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სასტუმრო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად 50 სახელმწიფო ქონება ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ტურისტული მიმართულებების გათვალისწინებით შეარჩია. სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.
აღნიშნული პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.
პროექტში „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ წარმოდგენილია ტურისტულად აქტიურ მიმართულებებზე არსებული მიწის ნაკვეთები, როგორიცაა, მაგალითად, თბილისი-გომბორი-თელავის გზა, სტეფანწმინდა, გუდაური, რაჭა და ახალციხე. მიმდინარეობს მუშაობა ასევე სხვა ლოკაციების მოსამზადებლად.
პროექტი ასევე მოიცავს ადგილებს გადასახედი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, სადაც მოცემულია ისეთი პოპულარული ტურისტული მიმართულებები, როგორიცაა ნაქერალას უღელტეხილი რაჭაში, „აბანოს გადასახედი“ თუშეთის მიმართულებით, ცხრაჯვარის, გოდერძის და გომბორის უღელტეხილებზე არსებული გადასახედები.
შერჩეული ქონების შესახებ სრული ინფორმაცია წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე www.nasp.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები