ლევან დავითაშვილი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში თხილის სექტორის განვითარებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული თხილის ხარისხის გაზრდის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. დამსწრე საზოგადოებამ თხილის სექტორის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია მოისმინა.
აღნიშნული პროგრამა USAID-ის მიერ დაფინანსებული თხილის სექტორის განვითარების პროგრამის მიერ მომზადდა. პროგრამას CNFA-საქართველო თხილის სექტორში მოღვაწე შესაბამის ასოციაციებთან და ბიზნესოპერატორებთან ერთად ახორციელებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქართული თხილის ხარისხის გაზრდისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, რაც მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ზრდას შეუწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სამინისტროს, დონორების, ინვესტორებისა და ასოციაციების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თხილის სექტორის ხელშეწყობა კომპლექსურ განვითარებას გულისხმობს. სახელმწიფო ყველა მიმართულებით ძალიან ინტენსიურად მუშაობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ფერმერებს ცოდნის გაღრმავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში. შექმნილია სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახური, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს, თუმცა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე თხილის მოსავლის აღების შემდგომი პროცესების მართვის, თხილის საშრობებისა და შესანახი ინფრასტრუქტურის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (USAID, FAO) წარმომადგენლები და თხილის სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები