გოჩა ენუქიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნების“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა.
როგორც “კვირას” პარტიიდან აცნობეს, კანდიდატი სოფლების – შქმერის ბოყვას, ხეითის ზვარეთის კვაშხიეთის ზუდალის სევას, ჯოისუბნის, ახალი ჩორდის, პიპილეთის, ჟაშქვას, სორგითის, ცხმორის, ფსორის, ბაჯიხევის, ონჭევის, სომიწოს, საბანაძეების, ღუნდას, წედისის, ირის, სხანარის, ქვედი, ქვედრულას მოსახლეობას შეხვდა.
„მე მზად ვარ, მოვისმინო და გავიაზრო ყველა ის საჭიროება, რაც დღეს აწუხებს მოსახლოებას. მზად ვარ, პირადად ჩავერთო და ყველა ნაბიჯს ბოლომდე მივყვე, ყველას მოგისმინოთ, გამარჯვების შემდეგ კი საკანონმდებლო დონეზე, თქვენი კითხვები და თხოვნები უნდა მივიტანო უმაღლეს ინსტანციამდე. მთას დავუბრუნოთ სიცოცხლე – ეს არის ჩემი დევიზი! დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის მხარდაჭერით ამას შევძლებთ“, – განუცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა ონის მოსახლეობას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გზების რეაბილიტაციისა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერის პროექტებმა.

„იგეგმება ნიკორწმინდამდე მისასვლელი გზების სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, მოხდება რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზების რეაბილიტაციაც. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია. ასევე იგეგმება ნიკორწმინდის ცენტრში მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციაც“,-აღნიშნა ენუქიძემ. მისივე ინფორმაციით, დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პირველ ეტაპზე 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები“ დაფინანსდება.

„რეგიონში განსახორციელებელი 91 ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, მუნიციპალიტეტებში დამატებით იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. გზების, სანიაღვრე არხების, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრების რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რისთვისაც „მთის განვითარების ფონდიდან“ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. სასოფლო-სამეურნეო პროგრამების მეშვეობით, ხელს შევუწყობთ ადგილობრივი მიწათმოქმედების განვითარებას, შეიქმნება მეტი ნატურალური პროდუქტი, გაუმარტივდება გლეხს მიწის მოვლა და ვეცდებით, მოყვანილი პროდუქციის რეალიზებაში დავეხმაროთ. გავაფართოვებთ აგროდაზღვევის პროგრამას, რომ გლეხმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი, ხელს შევუწყობთ გარე ბაზრებთან კომუნიკაციას. ქრონიკულად დაავადებულ უმწეოებსა და პენსიონერებს პირველადი მედიკამენტების 95%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. აშენდება პროფესიული კოლეჯის, „თეთნულდის“ საერთო საცხოვრებელი. 2017 წლიდან სკოლის პედაგოგების საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები