ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველას მოვუწოდებ, რომ „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალზე მობრძანდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყველას მოუწოდებს, რომ თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალს დაესწრონ.
ფესტივალი, რომელიც „ექსპო ჯორჯიაში“ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გახსნა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ფესტივალის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, ყველა მოწინავე უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის ღონისძიებები გაიმართება, ხოლო შემდეგ შაბათ-კვირას კი, ეს ყველაფერი ვაკის პარკში კონცერტით და რამდენიმე ღონისძიებით დაგვირგვინდება.
„მინდა ვთქვა, რომ კაცობრიობას წინ ამოძრავებს ცნობისმოყვარეობა და ამ ცნობისმოყვარეობაში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს მიჰყავთ წინ ჩვენი სამყარო. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერება ეს არ არის ასაკიანი დოქტორების საქმე, ეს არის ყველა ჩვენგანის საქმე, რომ გვაინტერესებდეს პასუხები იმ შეკითხვებზე, რაც გვაქვს, ყოველდღიურ შეკითხვებზე ნებისმიერი მიმართულებიდან. ამ ერთ კვირაში ჩვენ შევკრიბეთ ისეთი მეცნიერები, რომლებმაც, ფაქტობრივად, უკანასკნელი სიტყვა თქვეს თავ-თავისი მიმართულებით. აქ არიან ჩვენი მოწინავე მეცნიერები და ინსტიტუტები, ასევე იაპონელი, გერმანელი მეცნიერები, მინდა ყველას მოვუწოდო- სტუდენტებს, მოსწავლეებს, ასაკოვან ხალხს- ყველას, რომ მობრძანდნენ ამ ფესტივალზე“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი დღეს გაიხსნა და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები