ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მოხდება – გერმანიამ პროექტისთვის 7 მილიონი ევროს გრანტი გამოყო

ბათუმში, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამის, „ სანაპირო ზოლის დაცვა – ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II-ის” დაფინანსებას ითვალისწინებს.
როგორც ”კვირას“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა, ქრისტიან შაუბმა მოაწერეს.
მათივე ინფორმაციით, ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
”ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყოფილი 7 მლნ. ევროს ოდენობის გრანტი მიმართული იქნება ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კომპონენტის დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის. აღსანიშნავია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი”, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციას. პროექტი ხორციელდება ოთხ ფაზად და დღემდე გამოყოფილია 119 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 30 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით, გრანტის ნაწილი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს”, – აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები