თეიმურაზ მურღულია მოსწავლეებს ოზონის შრის დაცვაზე ესაუბრა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია 144-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს ოზონის შრის დაცვასა და საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.
1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის დღედ გამოაცხადა, რომელიც 1987 წელს “ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ” მონრეალის ოქმზე ხელის მოწერას ეძღვნება. საქართველო 20 წლის წინ ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის მხარე ქვეყანა გახდა, რომელიც მრავალმხრივი ფონდის მხარდაჭერითა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (UNEP, UNDP, UNIDO) წარმატებით ახორციელებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ, საქართველომ დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვიტა ძირითადი ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება.
დღეისათვის, შესაბამისი ეროვნული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ნაკლებად მავნე ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების ეტაპობრივი შემცირება, საბოლოოდ შეწყვეტის მიზნით.
ოზონის შრე გაზის მყიფე ფარია, რომელიც დედამიწას მზის მავნე სხივებისგან იცავს და ამგვარად პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს. შეხვედრის მონაწილეებს შესაბამის თემაზე ლიტერატურა და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები