აჭარელი ფიზიკის მასწავლებელი “ცერნში” სასწავლო კურსს გაივლის

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – “ცერნში” სასწავლო კურსს გაივლის.
მერაბ დიასამიძესთან ერთად აჭარიდან ფიზიკის  კიდევ ორი პედაგოგიც გადამზადდება.
“ცერნი” ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ “ცერნთან” თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და განათლების სამინისტრო, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  საქართველოდან “ცერნში” წარმატებულ და კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებს აგზავნის.
მერაბ დიასამიძემ კონკურსის ფარგლებში, პრეზენტაციაც წარადგინა ატომის ბირთვის აღნაგობას, ბირთვული ძალებისა და ბმის ენერგიაზე.
მერაბ დიასამიძე 23 წლისა იყო, როდესაც პედაგოგად მუშაობა დაიწყო და 20 წელია, მახუნცეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ფიზიკას ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობით დაამთავრა, დღეს ის მთიანეთში ყველაზე წარმატებული ფიზიკის პედაგოგია.
“ცერნში” ბევრი ქართველი პროფესორი მუშაობს. პირველ რიგში, მაინტერესებდა, იყო თუ არა ინგლისური ენის კარგად ფლობა საჭირო, რაზეც მითხრეს, რომ ლექციებს ქართველები წაგვიკითხავდნენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, იქნებოდა სინქრონული თარგმანიც. ლექციებთან ერთად, ცდები და ექსპერიმენტებიც ჩაგვიტარდება”, – აცხადებს მერაბ დიასამიძე.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, როგორც ფიზიკის პედაგოგისთვის, სასწავლო კურსი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ატომური კვლევების ცენტრში გაიაროს, ამბობს, რომ წასვლამდე ძნელია რაიმეს თქმა.
“იქედან რა ემოციებით დავბრუნდებით, ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა უდავოა, მნიშვნელოვან ცოდნას შევიძენ. პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ლექციებს, ცდებსა და ექსპერიმენტებს თავისთავად მოაქვს პედაგოგისთვის შედეგი”,-აცხადებს დიასამიძე.
მერაბ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პედაგოგი წარმატებული რომ იყოს, ამისათვის მარტო საგნის ცოდნა არ არის საკმარისი.
“საგნის ცოდნა საკმარისი არ არის, პიროვნული თვისებები პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩაცმულობიდან დაწყებული, დიქციით დასრულებული. მოსწავლეებთან ურთიერთობისას, ყველა დეტალი განმსაზღვრელია. ადამიანური ურთიერთობიდან იწყება ყველაფერი. არც ამ მხრივ მქონია მოსწავლეებთან ოდესმე პრობლემა. არასდროს გამიგია, მოსწავლეებს ცუდი ეთქვათ ჩემზე და თუ ასე იქნება, შევეცდები გამოსწორებას”, – აცხადებს მერაბ დიასამიძე.
მერაბ დიასამიძე მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი სერტიფიცირებული ფიზიკის მასწავლებელია.
“ქედაში, ჩემ გარდა, სერტიფიცირებული ფიზიკის პედაგოგი არ იყო, მაგრამ თუ ხულოსა და შუახევშიც არ ჰყავდათ, არ ვიცოდი და მეწყინა. ვერ ვიტყვი, რომ სერტიფიკატის აღებითა და “ცერნში” მოხვედრით ვარსკვლავები მოვწყვიტე, მაგრამ ესეც კარგი შედეგია. ზოგადად, მასწავლებლებს აქვთ შიში, ერთხელ რომ სცადეს და ვერ ჩააბარეს სერტიფიცირების გამოცდა, უარი თქვეს, ამბობენ რთულიაო. ფიზიკა რომ ადვილი არ არის, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ, რადგანაც პედაგოგი ხარ, მოსწავლეებს ასწავლი, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითგანვითარებისთვისაც უნდა იბრძოდე. მესმის ასაკოვანი პედაგოგების – ისინი ხვალ და ზეგ წასვლას აპირებენ სკოლიდან, მაგრამ ახალგაზრდა პედაგოგების არ მესმის”, – განაცხადა დიასამიძემ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები