საქართველოს მოქალაქეები ბელგიაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ

მას შემდეგ რაც, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, საქართველოს მოქალაქეები ბელგიაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ბელგიაში თავშესაფარს მოითხოვენ, უმეტეს შემთხვევაში, უარყოფით პასუხს მიიღებენ.
ცნობისათვის, 2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ გამოაქვეყნა სია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების შესახებ, რომელშიც საქართველო მოხვდა.
”ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს სრულად ინფორმირებული, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს საერთაშორისო არენაზე. გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ საქართველოში მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოითხოვენ თავშესაფარს ბელგიაში, უმრავლეს შემთხვევაში მიიღებენ უარყოფით პასუხს”, – აცხადებენ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიაში.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ბელგიის სამეფოს გარდა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც: საფრანგეთმა, ბულგარეთმა და ავსტრიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 19 სექტემბერს, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისია პრესკონფერენციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები