შსს-ს დელეგაციამ ევროპის პოლიციის ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

 საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ჰააგაში, ევროპოლის შტაბ-ბინაში გამართულ ევროპის პოლიციის ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ევროპოლის მიერ ორგანიზებულ ამგვარ მნიშვნელოვან ღონისძიებაში საქართველო წელს უკვე მეორედ მონაწილეობს.
უწყების ცნობით, კონფერენციის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო ევროპის ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობა, მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებული უსაფრთხოების ასპექტები, ტერორიზმი, კიბერდანაშაული და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ეფექტი.
კონფერენციის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიუ-იორკის, საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ესპანეთის, შვედეთისა და ბრაზილიის პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შს მინისტრის მოადგილემ პარტნიორი ქვეყნების პოლიციის ხელმძღვანელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
“ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის შტაბ-ბინაში თავის მეკავშირე ოფიცერს მიავლენს. აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოს შესაძლებლობებს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, არამარტო ევროპოლთან, არამედ ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთანაც”, – აღნიშნულია შს სამინისტროს ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები