პრემიერ-მინისტრი ხვალ ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 16 სექტემბერს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.
მტავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სივრცითი მოწყობის პროექტი, ასევე, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მაღალმთიანი რეგიონების, დაცული ტერიტორიების, კურორტებისა და სხვა სეგმენტების განვითარებას გულისხმობს.
სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას; ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სწორი სივრცითი დაგეგმარება, რეგიონებში თანაბარი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას შეუწყობს ხელს, ხოლო ქვეყანას, არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას მისცემს.
პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო „რუმსში” ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები