ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: თბილისში გუშინ სისტემაში ოდორანტის შეშვება ზედმეტი დოზით მოხდა- ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა

„შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დამატებითი ოდენობის ოდორანტი შეუშვა“, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, თბილისში გუშინ მომხდარი ფაქტის გამო, მოკვლევა დაიწყო.
„როგორც მოგეხსენებათ, „გაზის ტრანსპორტირების სისტემაში“ ბუნებრივი აირის ოდორიზაცია ხდება. გუშინ სისტემაში ოდორანტის შეშვება ზედმეტი დოზით მოხდა, რასაც მოჰყვა ასეთი სუნი. ამას არ მოჰყოლია არანაირი გაჟონვა. ფაქტზე უკვე დაწყებულია მოკვლევა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ და პირები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები, აუცილებლად აგებენ პასუხს. „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს და ის არის პასუხისმგებელი ბუნებრივი გაზის ოდორიზაციაზე. მათ მიერ მოხდა დამატებითი ოდენობების შეშვება ტრანსპორტირების სისტემაში, რაზედაც მათი მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლევა დაწყებულია“, – განმარტა ირაკლი ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო, რამდენიმე პირი საავადმყოფოში მოათავსეს. მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა და დახმარებას ითხოვდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბუნებრივი აირის სუნთან დაკავშირებით 3000-მდე ზარი შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები