თბილისის მერმა №112 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ №112 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.
დედაქალაქის მერმა ბაღის შენობა დაათვალიერა და აღსაზრდელების მშობლებსა და ბაღის თანამშრომლებს შეხვდა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით ხვდებიან.
„დღეს საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ბაღები განახლებული გარემოთი და გაუმჯობესებული მენიუთი ხვდებიან. პირობები მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ჩვენი პატარებისთვის, რაც მათ ძალიან უხარიათ. ბავშვებს ჩვენ კიდევ უფრო გავახარებთ და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, კიდევ სამ ახალ ბაღს გავხსნით. ამას გარდა, შემოდგომაზე ექვსი ახალი ბაღის მშენებლობასაც დავიწყებთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საბავშვო ბაღებში პატარებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეთ,“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე №112 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ 68 ბაღიდან, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულში შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
ბაღში 7 ჯგუფი, დერეფნები და სველი წერტილები გარემონტდა. გარდა ამისა, შეკეთდა შენობის ფასადი, ეზოში დაეგო ასფალტის საფარი და მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, თბილისის 103 საბავშვო ბაგა-ბაღში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა.
კერძოდ: 35 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედნები; 8 საბავშვო ბაგა-ბაღში აღდგა შენობების დაზიანებული ფასადები. 6 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა დაზიანებული სახურავების აღდგენა-შეკეთება. 13 საბავშვო ბაგა-ბაღში გარემონტდა სველი წერტილები და სამზარეულოები. 2 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდა სრული აღდგენა-გამაგრების სამუშაოები;
68 საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდა შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სათამაშო ჯგუფების, საძინებლების, დარბაზებისა და ადმინისტრაციული ოთახების რემონტს.
16 საბავშვო ბაგა-ბაღში კი მიმდინარეობს ძველი ღობეების დემონტაჟი და ახალი ღობეების მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები