16 სექტემბერს აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ იწყება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა მოსახლეობას საერთაშორისო აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდა.
ღონისძიებას შვედეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლეინი და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ესწრებოდნენ.
კამპანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელსაც ორგანიზებას უწევს პროექტი – „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა”).
აქციის მიზანია ადამიანების გაერთიანება ერთი იდეის გარშემო – შეუქმნან საკუთარ შვილებსა და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები. კამპანია 16 სექტემბერს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ( UNEP ) თაოსნობით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააფუძნა. კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა… აღნიშნული ღონისძიება საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები