ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა შემოქმედისა და მერიის საჯარო სკოლებს 1 000 ლარიანი სიგელები გადასცეს

გრანტის მიმღები სტუდენტების აღზრდისთვის სოფელ შემოქმედისა და მერიის საჯარო სკოლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 1 000 ლარიანი სიგელები გადასცა.
სასწავლო პროცესის დაწყება საჯარო სკოლებს, პირველკლასელებსა და პედაგოგებს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ – დავით დარჩიამ და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ლელა იმედაშვილმა მიულოცეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი განათლების ხელშეწყობის პროგრამას მეორე წელია ახორციელებს. პროექტი გრანტის მიმღები სტუდენტებისა და მათი აღმზრდელი სკოლების წახალისებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც წარჩინებული სტუდენტები 3 000, ხოლო მათი სკოლები 1 000 ლარით ჯილდოვდებიან.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100 % – იანი გრანტი სოფელ შემოქმედის კურსდამთავრებულმა ანი საბაშვილმა და სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლემ – ცისი მოისწრაფიშვილმა მიიღეს. პროგრამის შესაბამისად მათ 3 000, ხოლო სკოლებს 1 000 ლარი გადაეცემათ.
გარდა ამისა, წელს შემოქმედის საჯარო სკოლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით პირველკლასელების საკლასო ოთახი გარემონტდა.
„პირველ რიგში, მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო პირველკლასელებს, პედაგოგებსა და მათ მშობლებს. შემოქმედის საჯარო სკოლა არის ბევრი ღირსეული და წარმატებული ადამიანის ტრამპლინი. განსაკუთრებით მეამაყება ანი საბაშვილი, რომელმაც წელს 100 % – იანი გრანტი მიიღო და ამით საჩუქარი გაუკეთა, როგოც საკუთარ თავს, ისე სკოლას და მთლიანად სოფელს. მინდა წარმატებები ვუსურვო სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეს ცისი საბაშვილს. მადლობა მათ პედაგოგებს ასეთი ნიჭიერი თაობის აღზრდისთვის. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ განათლების წახალისებას და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების სტიმულირებას,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ლელა იმედაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი: საქართველოში ვერ ნახავთ მეორე მუნიციპალიტეტს, სადაც განათლება ასე ფასდება. 3 000 ლარი მოსწავლეს და 1 000 ლარი მათ აღმზრდელ სკოლას დამეთანხმებით, ძალიან დიდი სტიმულია სხვებისთვის, კარგად რომ ისწავლონ და ასწავლონ. მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასეთი ინიციატივისთვის.
14329346_1088037697952921_744582550_o                                                          14375426_1088037704619587_1657428245_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები