ბუნებრივი აირის სუნის გამო მოწამლულმა პაციენტებმა კლინიკები უკვე დატოვეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულმა პაციენტებმა, რომლებსაც ბუნებრივი აირის სუნის გამო ინტოქსიკაცია განუვითარდათ, საავადმყოფოს შენობა უკვე დატოვეს. ამის შესახებ „კვირას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“უთხრეს, მიმღებ განყოფილებაში 2 პაციენტი იყო მოთავსებული და ისინი, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, კლინიკიდან გაეწერნენ.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოსაც დაუკავშირდა, სადაც ანალოგიური სიმპტომებით რამდენიმე პაციენტი იყო მოთავსებული, თუმცა კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, იგი შვებულებაში იმყოფება და ინფორმაციას არ ფლობს.
ღუდუშაურის საავადმყოფოს მიმღები განყოფილებაში აცხადებენ, რომ სასწრაფომ მხოლოდ ერთი პაციენტი მოიყვანა, რომელმაც საავადმყოფო უკვე დატოვა. ცნობისათვის, დღეს დედაქალაქის ზოგიერთ უბანში ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი გავრცელდა, რასაც მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. პანიკის შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბუნებრივი აირის სუნთან დაკავშირებით 3000-მდე ზარი შევიდა.
”უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი დახმარება საჭირო არ გახდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფები, უსაფრთხოების მიზნით, მაინც გავიდნენ გამოძახების ადგილზე”, – აცხადებენ სააგენტოში.
სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, კი ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნების ჩივილებით დღეს 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
მოგვიანებით „ყაზტრასგაზის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” განცხადებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში (ვაკე, წყნეთი) დაფიქსირდა ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზებით.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს.
”ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შექმნილ მდგომარეობაზე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ბოდიშს უხდის მოსახლეობას. ცხელი ხაზის ნომერია: 2 24 40 40 (651)”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები