ილია მეორე: ყოველი სასწავლებელი სიყვარულს უნდა უნერგავდეს ახალგაზრდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.
პარაკლისის შემდეგ პატრიარქმა იქადაგა და აღნიშნა, რომ ყოველი საქმის წინ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად საჭიროა ამა თუ იმ საქმის გაკეთება.
„დღეს არის საეკლესიო კალენდრით ახალი წელი. ახალი წელი მუდამ სიახლის მომტანია, სიახლეს ელოდება ადამიანი. დღეს ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეხედოს წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს- რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და ხვალ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი რა არის? ყოველი საქმის წინ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად საჭიროა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. უნდა გავაანალიზოთ, ანალიტიკური აზროვნება უნდა გამოვიჩინოთ, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამა თუ იმ საქმეს და ვეღარ ვამთავრებთ. სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი დიდი საქმე ბოლომდე მიგვატანინოს და დაგვამთავრებინოს“, – ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ქადაგებისას ასევე ახალგაზრდებს, ტაძარში შეკრებილ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს მიმართა და მათთვის სასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყოველი სასწავლებელი ადამიანს უნდა აძლევდეს არა მარტო ცოდნას, არამედ განათლებას, ნათელი უნდა ახლდეს მას, სიკეთე და სიყვარული. ადამიანის მოღვაწეობის მთავარი მიზანი სიკეთის კეთება, სიყვარულის თესვა უნდა იყოს. ყოველი სასწავლებელი სიყვარულს უნდა უნერგავდეს ახალგაზრდებს“, – განაცხადა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები