რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

14 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 21,1 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 8,3 ათასი ტონა რქაწითელი, 10,3 ათასი ტონა საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი, რომელმაც 2584 ტონას მიაღწია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს – ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 17,7 მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 126 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 40 ღვინის კომპანია, მათ შორის, 10 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი – 5,7 ათასი ტონა, სიღნაღი – 5,3 ათასი ტონა, ყვარელი – 4,8 ათასი ტონა, თელავი – 3,5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,1 ათასი ტონა, ახმეტა – 127 ტონა, ლაგოდეხი – 136 ტონა და საგარეჯო – 143 ტონა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:

კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე – 1 კგ-ზე – 0,45 ლარი;

საფერავზე – 1 კგ-ზე – 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე – 1 კგ-ზე – 2 ლარი”, აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები