რას მოუტანს ქუთაისს, იმერეთს და საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქი?

განათლების და ინფრასტრუქტურის საკითხები ნამდვილად არაა ჩემი სპეციალობა, მაგრამ რადგანაც ჩვენი ქვეყნის და მათ შორის შეიარაღებული ძალების მთავარ პრობლემად განათლებას მივიჩნევ, ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გრანდიოზულმა პროექტმა ყურადღება მიიქცია და დავფიქრდი თუ რა ზეგავლენას მოახდენს ამ იდეის რეალიზება პირველ რიგში რეგიონზე და შემდეგ მთელ საქართველოზე.

საქსტატის მონაცემების შესაბამისად ბოლო წლებში სტუდენტების და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, ზრდა 8-10%-ს შეადგენს. რა არის ზრდის მიზეზი ალბათ დარგის სპეციალისტებმა უნდა გაანალიზონ, მაგრამ ციფრები სახეზეა.

შესაბამისად არსებობს დამატებითი სასწავლო ადგილების გახსნის მოთხოვნილება, თუმცა60 ათასი ადგილით გაზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში სტუდენტების რაოდენობა 50%-ით გაიზრდება (დღეს დაახლოებით 120 ათას სტუდენტზე მეტია).
ახლა ეს ციფრი ქუთაისის და იმერეთის მხარის მოსახლეობას შევადაროთ. ქუთაისში 200 ათასამდე ხოლო იმერეთში ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუ პროცენტულად შევაფასებთ ქუთაისიდან დაახლოებით 5-6 ათასი სტუდენტი უნდა იყოს, რომელთა ნაწილი ქუთაისის ოთხ უმაღლეს სასწავლებელში, ნაწილი კი საქართველოს სხვა ქალაქებში სწავლობენ. თუ მათ ნაწილს ქუთაისს მივუმატებთ, მაინც 5-6 ათასს ვერ უნდა გადასცდეს.

რისთვის იყო საჭირო ეს ციფრები? ყველა შემთხვევაში 60 ათასიდან 50-55 ათასი ქუთაისში სტუმრად ჩასული სტუდენტი იქნება. ამ ციფრს დაემატება რამდენიმე ათასი პროფესორ-მასწავლებელი და მომსახურე პერსონალი, რომელთა ნაწილი ასევე სტუმრად ჩასული იქნება, ნაწილი კი ადგილობრივი მოსახლე.

20160323151736-1რა თქმა უნდა 60 ათასი ახალი სტუდენტი საქართველოს ხარჯზე ვერ მოიმატებს და, როგორც გაცხადდა, საჭირო იქნება უცხოლების მოზიდვა, რომელთაგან ყველა ქუთაისში არ წავა, არამედ თბილისში და სხვა ქალაქებში მოისურვებენ სწავლას. თვითონ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზაცია მოითხოვს წინასწარ მასშტაბურ სარეკლამო კომპანიას, რათა პირველივე წელს მაქსიმალურად შეივსოს ადგილები.

თუ გადავხედავთ მეზობელ სახელმწიფოებს, იქ არსებული კორუფციული განათლების სისტემების გამო საკმაოდ ძვირია უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა. შესაბამისად სასწავლო ადგილების შევსების რესურსი არსებობს. გარდა ამისა მეზობელი სახელმწიფოების სტუდენტების მასიურად ჩამოსვლას საქართველოში, სხვა დადებითი დატვირთვაც ექნება.

ახლა გავაანალიზოთ რა დამატებით დივიდენდებს მოუტანს ქალაქს 60 ათასი და შესაძლოა მეტი ადამიანის საცხოვრებლად ჩასვლა. თუ ადრე საქართველოს პარლამენტის გადატანის ეკონომიკურ ეფექტზე ვსაუბრობდით, ამ მასშტაბების შედარებაც კი არ შეიძლება.

60 ათას ადამიანს (სტუდენტებს, ლექტორებს, სხვა პერსონალს), რაც ქუთაისის მოსახლეობის 30%-ა, ესაჭიროება განთავსება (ყველა არ იცხოვრებს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში), კვება (შესაბამისად მოიმატებს ვაჭრობა), გართობა (კაფეები, რესტორნები, კლუბები), გადაადგილება (სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა), სამედიცინო მომსახურება და სხვა.

20160323151817ყოველი კომპონენტი (ვაჭრობა, მომსახურება, ტრანსპორტი და სხვა) ესაა დამატებითი შემოსავალი და სამუშაო ადგილები, რაც უდაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ქუთაისს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

მოკლედ, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ალბათ წინასწარ უნდა მოემზადონ ამ დღისთვის.

ყველაზე დიდ ეფექტს მივიღებთ წლების შემდეგ, როცა საქართველოში მოიმატებსკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების რაოდენობა ინფორმატიკის და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. თუ ამ პერიოდისთვის სწორად დავგეგმავთ სათანადო ღონისძიებებს, კერძოდ საგადასახადო სისტემას და უცხოური კაპიტალის მოზიდვას, რათა შექმნას მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ზუსტად ეს იქნება ქვეყნის განვითარების საწინდარი.
აი ასეთ განწყობაზე ვარ დღეს, მინდა კარგზე ვიფიქრო, ჩვენს ხვალინდელ დღეზე, ჩვენი შვილების მომავალზე…

ქუთაისს კი ვულოცავ!!!

წყარო:http://salukvadze.com/post/468

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები